• ალან პარასტაევი

აპრილის კვირა ცხენებთან (თითქმის ეკოლოგიური ბლოგი)

აპრილის პირველ კვირას ცხენებს ვუთმობ. მათ თითქმის მთელი ზამთარი ველად გაატარეს, ქალაქის მიდამოებში. მაიმცდამაინც საკვებით არ ვანებივრები, არ ვნახულობდი, რადგან თავად ვიყავი მისახედი - დაახლოებით ერთი თვე ვიწექი საავადმყოფოში. მაგრამ ჩლიქოსნებმა არ მიღალატეს, დამოუკიდებლობაც შეირგეს და საღსალამათებმა გამოიზამთრეს. თუმცა ერთი მათგანი აფთრებს დაეკბინათ. რამდენიც უნდა ინადირონ მათზე ჩვენებმა - თითქოს, უფრო მატულობენ. ყოველ შემთხვევაში, შინაურ ცხოველებზე თავდასხმები არ იკლებს.


ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ გამრავლდნენ ასე აფთრები და მგლები სწორედ დასახლებული პუნქტების მახლობლად, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს დაკავშირებულია ორფეხა მონადირეების მიერ ბუნებრივი საკვების - შვლების, კურდღლების და სხვა - ოთხფეხა ცხოველების მონადირებით. სიმართლე გითხრათ, ნადირობა უფროსი ბიძიების რაღაც კომპლექსად მესახება. თვითდამკვიდრების ერთგვარ დამატებით საშუალებად. რატომ - დამატებით? იმიტომ, რომ ჩემთვის ცნობილი ნადირობით დაავადებულ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, რომელნიც გატაცებულნი არიან მოკლან ლამაზი, არანაკლებ ლამაზ ბუნებაში მორბენალი ცხოველი და აქციონ საბარგულში დაგდებულ დასისხლიანებულ გვამად, შემდგარი და შეძლებული ადამიანები არიან. ამიტომ ნადირობით თავის შექცევა, როცა არ განიცდი საკვები პროდუქტების უკმარისობას, ყოველივე ცოცხალის სროლით განადგურება, და არა ბუნებაზე დაკვირვება, არის კომპლექსი. სამხრეთ ოსეთში ავტომატური იარაღის გავრცელებასთან ერთად, სანადიროდ არ დადის მხოლოდ ძალიან ზანტი ნადირობის მოყვარული. არ ვიცი, მართლა ხოცავენ ცხოველებს, თუ ეს მონადირეებისთვის ჩვეული ტრაბახი და გაზვიადებაა (ვიმედოვნებ, მეორეა), მაგრამ ცხოველებს ხომ აფრთხობენ და ამით ბუნებრივ ბალანსსაც არღვევენ. დარწმუნებული ვარ, გვყავს ბუნების დამცველი სტრუქტურები, ალბათ, ეგერებიც, რომელნიც მოწოდებული არიან აღკვეთონ უკანონო ნადირობა, და გვაქვს კანონი, რომლის თანახმადაც ტყეში ხეტიალი და АК ავტომატის ჯერით და РПК-დან ცხოველებზე სროლა დაუშვებელია და დასჯადი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩინოსნებს და ეგერებს ბუნებაზე ჩემზე ნაკლებად არ შესტკივათ გული, მაგრამ მეეჭვება აქვთ კი იმდენი ადამიანური, ფინანსური და სხვა რესურსი, წინ აღუდგნენ შვლების, დათვების, თევზების განადგურებას.



დავუბრუნდეთ ცხენებს. ფოტოზე, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ორია ჩემი. რომელი? რა თქმა უნდა, ყველაზე ლამაზი. რუხ - ყავისფერი ფაშატი და ცეცხლოვანი (წითური) ულაყი თეთრი თავით და ცისფერი თვალებით. ცეცხლოვანი ულაყი ჩემი კი არის, მაგრამ მას არ გაუჩენია ცეცხლი ცხინვალის თავზე, ჩიტოს ტყის ზემოთ! ეს მის ნამოქმედარი ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც, ალმოკიდებული ბალახი ქალაქის ჩრდილოეთით, ლიახვის ჭალაში.


იწყება წლის ამ დროისთვის ტიპიური ცეცხლოვანი ეპოპეა. ის, რომ ტყეები იწვის, ზოგიერთ სპეციალისტს სასარგებლოდაც მიაჩნია, ნიადაგი ნოყიერდება ფერფლითო. მაგრამ ცხოველები ხომ იღუპებიან, ჩიტის ბუდეები, ციყვის ფუღუროები და ტყის სხვა ბინადართა სოროები იწვის. ეს უფრო ფუჭი სიტყვებია მათი მხრიდან, ვისაც არ ძალუძს აკონტროლოს ტყის ხანძრების გაჩენა და უზრუნველყოს საწყის ეტაპზე მათი ჩაქრობა.


ჰაერიც, როგორც იტყოდა „დიდი კომბინატორი“, ხანძრისაგან ოზონით არ გაჯერდება, ისევე, როგორც არ შემატებს ოზონს უახლოეს წლებში დამწვარი მუხნარი, თხილნარი თუ ცაცხვნარი.



პირდაპირ მთის უკან, რომელსაც სურათზე ტყის ცეცხლის ალი ასდის, შენდება ობიექტი, რომელიც ცხინვალელებს სწორედ იმ ჰაერისთვის შესაძლო ეკოლოგიური ზიანით აშინებს. სანამ საუბარს დავიწყებდეთ ქალაქის აღმოსავლეთით, ფრისის მაღლობზე ბაზალტის ბოჭკოს მწარმოებელ ქარხანაზე, მინდა დავარწმუნო მკითხველი, რომ საწარმოების აშენება ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან დარგად მიმაჩნია, თუმცაღა იმ პირობით, რომ ის არ დააზიანებს ჩვენს კლიმატს ეკოლოგიური თვალსაზრისით. არაერთი წელია საუბრობენ, რომ ბაზალტის თბოსაიზოლაციო მასალების წარმოება ეკოლოგიურად ზიანის მომტანია, მაგრამ სწორედ ის უნდა აწარმოოს ქარხანამ და აი კითხვა ჩემი მხრიდანაც მხარდაჭერილ და პატივცემულ მწარმოებელ მეწარმეებს - რატომ ბაზალტი? ამ საქმეს ხელს რომ ჰკიდებდნენ, ხომ შეიძლებოდა გაეთვალისწინებინათ, რომ ეს წარმოება მინიმუმ, მითქმა-მოთქმას და პროტესტს გამოიწვევდა საზოგადოებაში. ბაზალტის ზონარი, რომლის წარმოებაც ასევე იგეგმება, ნამდვილად არ წარმოადგენს ჩვენი რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვან პროდუქტს და არც რუსეთი განიცდის მის განსაკუთრებულ საჭიროებას, რითიც ვთქვათ, დახმარებას გავუწევდით ჩვენს მეორე სამშობლოს. ხომ ნამდვილად იყო სხვა არჩევანი და საშუალება, დაფინანსება მოეპოვებინათ რაიმე ნაკლებად პრობლემატურზე და საზოგადოებისგან ვაშა თუ არა, მოკრძალებული აპლოდისმენტები მაინც დაემსახურებინათ. ყოფილიყო ეს თუნდაც ტყესთან, ან სასოფლო-სამეურნეო რაიმე პროდუქციის გადამუშავებასთან დაკავშირებული. მე, რა თქმა უნდა მიამიტურად ვმსჯელობ, დილეტანტივით, მაგრამ თანაგრძნობა მამოძრავებს ბაზალტის გადამმამუშავებელთა მიმართ, ამდენი ძალა და ენერგია დახარჯეს თავისი პროექტის გასატანად, რათა ხელი შეეწყოთ ეკონომიკური განვითარებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, საპასუხოდ კი, საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ და ვერც ხელისუფლებისგან ჰპოვეს სრული მხარდაჭერა.

3 views