• Alan Parastaev

ეკოლოგიის შესახებ

სამხრეთ ოსეთის ეკოლოგიურ პრობლემებზე წერა გადავწყვიტე ექსპერტთა აზრისა და სახელმწიფო მოხელეების კომენტარების მოშველიების გარეშე, მაქსიმალურად იმ მასალების გამოყენებით, რაც უკვე გამოქვეყნებული იყო მასმედიაში ან გახმოვანებული ტელევიზიით. ამიტომ ეს ყველაფერი, უმეტესწილად, ჩემი დაკვირვებები და შეხედულებები გახლავთ შექმნილ მდგომარეობაზე და ასევე, თუ როგორ რეაგირებენ მასზე ჩემთვის მისაწვდომ საზოგადოების სეგმენტში. რა თქმა უნდა, ვეცდები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში გადმოვცე აზრი, და აზრთა ის სხვადასხვაობა, რომელიც დამკვიდრდა სამხრეთ ოსეთში, და ამავე დროს ავსახო ადამიანთა ინფორმირებულობის დონე ეკოლოგიურ საკითხებში და ამ მდგომარეობის გამო მათი შეწუხების გრადუსი.


ყველაზე ძველი და მწვავე არის მდინარეების პრობლემა და მათ შორის, პირველ რიგში, ლიახვის მდგომარეობა.



90-იანებიდან მოყოლებული, ბევრს ვლაპარაკობთ ქალაქის მაცხოვრებელთა მიერ საყოფაცხოვრებო ნაგვის მდინარეში ჩაყრის შესახებ, იმ მდინარეში, რომელსაც ვუწოდებთ წმინდას და ადგილს, სადაც უნდა აღიზარდოს ჩვენი ახალგაზრდობა. რამოდენიმე წელია საკითხი, თითქოს გადაწყვეტილია ქალაქის კომუნალური სამსახურების გამართული მუშაობის წყალობით. ვამბობ - თითქოს, რადგან კიდევ არიან მოქალაქეები, რომელთაც ურჩევნიათ მოისროლონ ნაგვით სავსე ცელოფნის პარკები აზვირთებული მდინარის ნაპირზე. და იცით, რას პასუხობენ ზოგიერთები მათი ასეთი ქმედებების კრიტიკაზე - „დაე, ჩაცურდეს ჩვენი ნაგავი საქართველოში, ასეც მოუხდებათ!“ თავისებური ნაგვით შურისძიებაა, ანუ, ნარჩენებით იერიში. სინამდვილეში, რა სწრაფიც არ უნდა იყოს ლიახვი, ეს ყველაფერი ვერ აღწევს საქართველომდე და რამოდენიმე ათეულ მეტრში, ფსკერზე ილექება. არანაირ „მტრის ტერიტორიაზე“ ის არ მიცურდება და თუ რაიმე დაცურავს ზედაპრზე, ისიც მავთულის ბადეებს ეკრობა, რომელიც მდინარეში საზღვრის გადაკვეთის ადგილზეა გადმოტანილი, და თუ ვინმეს უქმნის უხერხულობას, ისევ ჩვენს მესაზღვრეებს.


ასევე ცუდადაა საქმე კანალიზაციის მდინარეში ჩადინებასთან დაკავშირებით. მდინარის გასწვრივ მდებარე სოფლის სახლები სეპტიკური დალექვის ჭებით რომ არ არის აღჭურვილი, ამას კიდევ არა უშავს. უარესი ხდება, როდესაც საკანალიზაციო სისტემა, რომელზეც მიერთებულია მთელი უბნის სახლები, ყოველგვარი წმენდის გარეშე უერთდება ლიახვს. ასე იყო დაბა ჯავის ერთ ერთ უბანში გარკვეულ დრომდე.


ცხინვალშიც არის ასეთი უბნები. ლამის ერთი წლის განმავლობაში აქტივისტი ეკოლოგები და უბრალოდ არაგულგრილი მოქალაქეები წერდნენ ფბ-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში, საინფორმაციო სააგეტოებამდეც კი აღწევდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ ნახევარმეტრიანი დიამეტრის მილზე, რომელიც ყველას თვალწინ, ვინც კი „ახალი ხიდით“ მდინარეს გადაკვეთდა, წყალში ანთხევდა მღვრიე და ბლანტ, მყრალ სითხეს. როგორც იგივე საინფორმაციო სააგენტოები გვაუწყებენ, ზომები მიღებულია და ყველა, ვინც ქალაქის სანიაღვრეს საკანალიზაციო მილები მიუერთა, დაისაჯა ჯარიმებით და საზოგადოების მხრიდან - გაკიცხვით. რეალურად ცხინვალში ფუნქციონირებს გამწმენდი ნაგებობა, რომელიც 600 მილიონ რუბლზე მეტი დაჯდა. ეს გამწმენდი ნაგებობის კომპლექსი წარმოადგენს რთულ კონსტრუქციას და შედგება მრავალრიცხოვანი აუზისა და ფილტრისაგან და ამავე დროს მთლიანად ავტომატიზირებული და ადვილად სამართავია. მასში ჩადგმულია ევროპული წარმოებისა და სტანდარტების მოწინავე მოწყობილობა.


ეკოლოგები და საზოგადოებრივი აქტივისტები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მთელი ქალაქის საკანალიზაციო ქსელიდან შემომავალი უწმინდურობები გადის გადამუშავების რამოდენიმე ეტაპს და აღარ წარმოადგენს საფრთხეს ბუნებისათვის და, შესაბამისად, ადამიანისთვისაც. ჯერ ხდება მექანიკური წმენდა, რომელიც არ ატარებს უხრწნელ საგნებს, როგორიცაა ბოთლები, ქსოვილის ნაჭრები და სხვა, ხანდახან ცხოველების ლეშიც კი გვხდება.



მდინარის ეკოლოგიის მნიშვნელობით მეორე მტერი არის ხრეშის მწარმოებელი მრავალრიცხოვანი საწარმოები, ეგრეთ წოდებული „დრაბილკები“, რომელიც განლაგებულია პრაქტიკულად მთლიანად ლიახვის ნაპირების გასწვრივ. ხრეში, ლამი და მდინარის ქვის სხვა ნაწარმი, ცალსახად აუცილებელია მშენებლობისთვის, როგორც გზებისთვის, ასევე შენობების ასაგებად. მახსოვს, სამხრეთ ოსეთის 2008 წლის ომის შემდგომი აღდგენის პროგრამის რეალიზაციის პირველ სტადიაზე ხრეში უღელტეხილით ჩრდილო ოსეთიდან და ჩრდილო კავკასიის უფრო შორეული რეგიონებიდანაც კი გადმოგვქონდა. მაშინაც ისმოდა აღშფოთებული ხმები, თუ რატომ იხარჯება ფული გადაზიდვაზე, როცა შეიძლება ამ საბალასტო მასალების ადგილზე მოპოვება და სამუშაო ადგილების შექმნა. ახლა კი, როცა ხრეშის მოპოვება პრაქტიკულად მთლიანად წარმოებს სამხრეთ ოსეთში, გაჩნდა სხვა, ეკოლოგების მტკიცებით გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემა, ვიდრე ფინანსების გადინებაა. ასე შეიძლება მდინარე წყლისგან დაიცალოს. კავკასიის მთები ახალგაზრდაა, მასში ბევრია ღრუ მღვიმე და კარსტული ტეხილები. ხოლო მწარმოებლებმა შეიძლება იმდენი თხარონ, რომ როგორც ეკოლოგები წინასწარმეტყველებენ ‘’ წარმოიქმნას პატარა ნაპრალი და მთელი მდინარე მიწის ქვეშ წავა.“


გარდა ამისა, მდინარიდან ქვის ამოღება არღვევს ასწლეულობით ჩამოყალიბებულ ეკოსისტემას, მდინარეში ქრება თევზი, წყლის მწერები, და შესაბამისად, მიმდებარე ფლორა და ფაუნა. ზემოთ დაწერილის მხარდასაჭერად მოვიყვან ერთ მაგალითს, ჩვენთან პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობით ახლოს მყოფი აფხაზეთის ახლო ისტორიიდან. სოჭის ოლიმპიადის წინ, ეკოლოგებმა საზოგადოებრიობის მხარდაჭერით დაარწმუნეს რესპუბლიკის ხელძღვანელობა, რომ მდინარეების ფსკერიდან და ზღვისპირა ზონიდან ინერტული მასალების მოპოვება ზიანს მიაყენებდა ბუნებას, კერძოდ კი, შავი ზღვის ორაგულის ქვირითობას. სწორედ ამის შემდეგ შეზღუდეს აფხაზეთიდან ოლიმპიური ნაგებობებისთვის ხრეშის მიწოდება.

8 views