• Irina Gochashvili

ვრჩები მუდამ ცხინვალელად

მზია ხეთაგური

მისი სახლი მუზეუმს მოგაგონებთ - კედლები ვეღარ იტევს ჯილდოებს, ორდენებს, სიგელებს, აფიშებს, ფოტოებს სპექტაკლებიდან. მაინც წუხს, რომ სამახსოვრო ნივთების უმეტესობა ცხინვალში, დედისეულ სახლში დარჩა, აქ კი მისი შემოქმედების, ნაღვაწის, ნაშრომის მხოლოდ ნაწილი ინახება.



პოეტი, დრამატურგი, თეატრმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე მზია ხეთაგური 27 წიგნის ავტორია, წერს ლექსებს, მოთხრობებს, მოღვაწეობს პუბლიცისტიკასა და დრამატურგიაში, არის არაერთი ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი, მათ შორის, ვლადიმირ მაიაკოვსკის პრემიისა. არის ღირსების ორდენის კავალერი, წმინდა სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს – წმინდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი, ქართულ-ოსური ურთიერთობის მოსაგვარებლად გაწეული უდიდესი ღვაწლისთვის კი მას ამ ორი ხალხის მეგობრობის სიმბოლო – კოსტა ხეთაგუროვისა და მიხეილ ყიფიანის სიგელი გადაეცა.


ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს მიერ პირადად გადაცემული წმინდა გიორგის ორდენით ამაყობს. ჩემთვის კი ყველა მის ტიტულზე უფრო მეტად ერთია ყველაზე ძვირფასი - ის ჩემი დედაა, ამასთან, მეგობარიც, დამრიგებელიც, თანამოაზრეც და მასწავლებელიც. გვერდს ვერ ავუვლი დედას. ის ჩემთვის, ისევე როგორც ბევრისთვის, გამორჩეული პოეტი და ერუდირებული მოღვაწეა. შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან თუ ნათესავ-მეგობართან იგი ზუსტად ისეთია, როგორც არის ყველგან.


მისთვის შვილი იგივეა, რაც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია. მასთან ურთიერთობა ვისთვის რთულია, ვისთვის ადვილი, უადვილესია - მათთვის, ვინც გულწრფელია, პირდაპირი და მიმტევებელი.


სამოცი წელია თბილისში ცხოვრობს, თუმცა ცხინვალელად რჩება მუდამ, სადაც ბავშვობა გაატარა. მისთვის ეს ქალაქი მოგონებაცაა, სიხარულიც, ტკივილიც და მომავლის რწმენაც. ასევე, ეს ქალაქი უკავშირდება მის ცნობილ და გენიალურ მშობლებს - მამა ოსი ყავდა და დედა ქართველი. მამა ვლადიმერ ხეთაგუროვი 1935 წელს ლონდონში ილიკო სუხიშვილთან ერთად მონაწილეობდა კონცერტებში, როგორც საუკეთესო მოცეკვავე - სოლისტი, ასევე იყო კავკასიელ შემოქმედთა დელეგაციის ხელმძღვანელი. ფლობდა 6 ენას. არსებობს მდიდარი მასალა მისი როგორც შემოქმედის და ღვაწლის შესახებ. დედა - ქრისტინე თედიაშვილი, იმჟამინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთავარი პედიატრი, საქართველოს დამსახურებული ექიმი, საერთაშორისო წითელი ჯვრის საპატიო წევრი და მუსიკოსი. სამწუხაროდ მისი 50 წლიანი ღვაწლი ბოლოს დევნილის სტატუსით განისაზღვრა და მშობლიურ ცხინვალში საგვარეულო სასაფლაოს ნაცვლად, დაიკრძალა თბილისში. დედის გზა მედიცინაში მზიას დამ ია დავითაიამ (მეუღლის გვარზეა) გააგრძელა. ია არის ცნობილი პედიატრ-ნეონატოლოგი, ღირსების ორდენის კავალერი, მედიცინის დოქტორი. მოღვაწეობს თბილისში, კ .ჩაჩავას სახელობის კლინიკაში.


თავად მზიას ჰყავს ორი შვილი, ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი. ლექსებს ბავშვობიდან წერდა და ზუსტად იცოდა, რომ ხელოვნების მსახურება მისი ცხოვრების უცვლელი არჩევანი იქნებოდა. 13 წლამდე ცხინვალში იზრდებოდა, შემდეგ კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა ფორტეპიანოს კლასში. ცნობილ მევიოლინე ლიანა ისაკაძესთან ერთ კლასში მოხვდა, კონცერტებზეც ერთად გამოდიოდნენ. ურთიერთობა დღემდე აქვთ. სითბოთი და იუმორით იხსენებს ფიზიკის მასწავლებელს ვახტანგ მაღლაკელიძეს, „რომელიც, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი პედაგოგი იყო, შემოქმედების უდიდესი მოყვარულიც გახლდათ“. მზიას და ლიანას ნიშანს არ უწერდა – ფიზიკა არ იციანო. მერე მზიას ლექსები მოისმინა და მას სულ ხუთიანებს მიწერდა, ლიანას კი – მაინც არა. ის სხვის ნაწარმოებებს უკრავს, მზია კი ლექსებს თვითონვე წერსო.


შემდეგ თეატრთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. „აკაკი ხორავამ მიმიღო. არ ვიცი, გასაუბრებაზე ასეთი რა ჩავიდინე, მაგრამ ბატონმა აკაკიმ ჩემს საგამოცდო ფურცელზე ყველა გრაფაში ხუთიანი მოხაზა, რითაც ყველას მიანიშნა, რომ მან უკვე ჩამრიცხა“, სიამაყით იხსენებს მზია. მერე ცხინვალის თეატრმა მიიწვია... როდესაც წამყვანი მსახიობები ავად ხდებოდნენ, მათი როლების შესრულებაც უწევდა. ერთხელ გასტროლებზეც კი წავიდა სხვის ნაცვლად, რადგან თითქმის ყველა როლი ზეპირად იცოდა...


„ამ თეატრს უდიდესი ტრადიციები ჰქონდა. ეს მხარეც თეატრის სავანე იყო – იცით, ალბათ, ერეკლე მეფის კარზე თეატრალური დასი მოღვაწეობდა სამაჩაბლოდან. უკლებლივ ყველა მსახიობი კრწანისის ველზე მეფის მხარდამხარ ბრძოლაში დაიღუპა – მახვილით ხელში, სიმღერით შეეგება მტერს. ცხინვალის თეატრიც ასეთივე სულისკვეთებით იყო სავსე...“, ყვება პოეტი.


ცალკე აღსანიშნავია მისი ღვაწლი მთარგმნელის რანგში. მისი თარგმანები უმაღლეს დონეზეა შეფასებული პროფესიონალთა მიერ. მზია ხეთაგურის, როგორც მწერლის შემოქმედის ცხოვრებაში, გამორჩეულად აღნიშვნის ღირსია 2016 წლის 17 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მისი 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელმაც ტრიუმფით ჩაიარა.

ქვეყნის მოიმავალს მუდამ იმედით უყურებს, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოს გამთლიანებისა და აღმავლობისათვის აუცილებელია ქვეყანას ჰყავდეს ისეთივე თავგანწირული და გონიერი ადამიანები, როგორიც იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ თამარაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, თევდორე მღვდელი და ილია ჭავჭავაძე. „მაშინ მავთულხლართებიც მოისპობა, სოფელი სოფელს და ქალაქი ქალაქს დაემსგავსება!.... ხალხში სიყვარული დაისადგურებს და დამაბნელებელი ნიჰილიზმი იმედით შეიცვლება - ანუ საქართველო გაბრწყინდება!"


მზია ხეთაგური,,უფლების უფლებით" უფლებამოსილია გამოავლინოს სიყვარულიც და პროტესტიც, რამეთუ მან თავისი ცხოვრების წესით, ღვაწლით და ადამიანებისადმი მკაცრი სიყვარულით რა ხანია შეუბღალავი სახელი მოიპოვა ჩვენს საზოგადოებაში, როგორც მწერალმა, რომელიც განწირულია იყოს ისეთი, როგორიც არის.

1 view