• ნინო ბენდიანიშვილი

იზოლაცია

ახელ თვალებს და უყურებ ჭერს.

თეთრს, უსიცოცხლოს, უმნიშვნელოს, მაგრამ თითქოს მასში არის რაღაც, რაც სიმშვიდისა და საიმედოობის განცდას იწვევს შენში. უსაფრთხოების შეგრძნებას გიქმნის, გარწმუნებს, რომ ვერც ერთი წვიმის წვეთი, მზის სხივი, ან თუნდაც ვირუსი ვერ შემოაღწევს შენს კომფორტულ სოროში და დაგირღვევს იდილიას იქ, სადაც ადამიანები უკვე კვირებია გამოკეტილან და პირველად ტკბებიან „არაფრის კეთების“ ვალდებულებით. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთმა პატარა ცოცხალმა ორგანიზმმა წამოიწყო, ჩვენს ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად შემოიჭრა და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეძლო, მთელი კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დაეყენებინა. მსოფლიო ქაოსმა მოიცვა, ადამიანებს კი იდეალური შესაძლებლობა მიეცათ უმოქმედობით დახმარებოდნენ ერთმანეთს.

რუტინა სადღაც გაქრა, აორთქლდა, დავიწყებას მიეცა.

ნახატი - მამუკა გონგაძე

სწორედ ის ჭერი, კომფორტის გარანტად რომ მიგაჩნდა, დღითიდღე უფრო და უფრო დაბლა იწევს, თითქოს ცოტაც და გაგსრესსო. სივრცე ნელ-ნელა პატარავდება და გავიწროვებს, სულს გიხუთავს. გალიაში გამომწყვდეული, თავისუფლებას მოწყურებული ჩიტივით მშფოთვარედ დადიხარ ოთახიდან ოთახში და ამ ყველაფრის დასრულებას მოუთმენლად ელოდები. წამები წუთებად გეჩვენება, დღეები თვეებად. დროის ასეთი ნელი სვლა საბოლოო ნაპერწკალს უნთებს შენს მღელვარებას. საკუთარ თავს კი ვერაფერს უხერხებ და ამაზე ფიქრს წყობიდან გამოყავხარ, მაგრამ მაშინ, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები, დგება მომენტი, ჭერი წყვეტს მოძრაობას და აღარც მისი სიდაბლე გიწვრილებს გულს და აღარც ის, უწინდელი, სიცოცხლით სავსე დღეები განატრებს თავს. უცნაურია, რამდენადაც უყვარს ადამიანს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, იმდენად ადვილად ეჩვევა იგი მისთვის არასასურველ გარემოს მაშინ, როცა წყვეტს, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. მას მხოლოდ და მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია, უსაფრთხოება კი უპირველესია.


ოთხ კედელს შორის ხარ გამომწყვდეული, მაგრამ გაღვიძებისთანავე გრძნობ თავისუფლების ტკბილ სურნელს. უცნაური გრძნობაა, როცა არავინ აკონტროლებს შენს ცხოვრებას, თითოეულ გადადგმულ ნაბიჯსა თუ უმნიშვნელოდ გატარებულ წუთს, არსად გეჩქარება, პლანეტის მაჯის ცემა შენელდა, ცხოვრების რიტმი მდორე გახდა. ხვდები, ნელნელა შენც ჩაგითრია ამ მორევში და არამარტო ჩაგითრია არამედ იმის კონტროლის პასუხისმგებლობა მოგიხსნა რაც აქამდე შენს დაქვემდებარებაში იყო და უეცრად იაზრებ, რომ პროტესტის გრძნობის გაჩენის ნაცვლად ამ ყველაფერს მოულოდნელად მშვიდად შეხვდი. არხეინად მოკალათდი კომფორტულ სავარძელში და ქაოსის ჩახშობის მოლოდინში საკუთარი თავის დარწმუნება დაიწყე თითქოს ცხოვრების სადავეები ხელიდან გამოგგლიჯეს და მის უკან დასაბრუნებლად არანაირი ძალა არ შეგწევს. მოკლედ რომ ვთქვათ, "სუფთა სინდისის" მქონე თანამედროვე ლუარსაბ თათქარიძედ იქეცი, იმ განსხვავებით, რომ შენთვის უმოქმედობა არათუ არჩევანი, არამედ ვალდებულება იყო. ვინ იცის, იქნებ გამბედაობის, თუმცა ამავდროულად გონიერებისა და სიფრთხილის გამოჩენით უფრო მნიშვნელოვანი საქმეც გაგეკეთებინა? ვინ იცის, იქნებ არსებობს გამოსავალი ამ ყველაფრიდან?


ფიქრებში გართული ფანჯარასთან ჩერდები და ქალაქის ხედს გადაჰყურებ, ან თუნდაც დაცარიელებულ ქუჩებს, პატარა სტადიონს, სადაც ეზოს ძაღლები პირველად მოკალათებულან ასე მშვიდად, პარკს, სადაც ერთ დროს მხიარულება იყო, ახლა კი საქანელები მარტოსულად წრიალებენ გაზაფხულის ნიავში, თუმცა ქალბატონი, რომელმაც მთელი ცხოვრება მეზობელ სახლში გაატარა, ყოველდღიურ რუტინას არ ღალატობს და ამ იდილიაში მტრედების გამოკვებას გულითადად განაგრძობს. სანახაობა იმ სამყაროს გწყვეტს, სადაც მხოლოდ შენ და შენი ფიქრები არსებობთ და რეალობაში გაბრუნებს. იქნებ სწორედ მას შეუძლია ამ კითხვებზე პასუხი გაგცეს, ხვრელს, რომელიც შენს სოროს გარე სამყაროსთან აკავშირებს. ადგილთან, სადაც ყველაფერი ნაკლებად სტაბილური, თუმცა ერთ დროს სიცოცხლით სავსე იყო. ალბათ სწორედ არასტაბილურობაა ის, რაც თავს ადამიანებად გვაგრძნობინებს და ცხოვრებას საინტერესოს, უფრო აზარტულს ხდის. ამიტომ მივისწრაფოდით ყოველთვის აკრძალულისა და რთულად მისაღწევისკენ. ადამიანის შექმნის დღიდანვე ასეთი იყო მისი ბუნება, სწორედ ახლის ძიების და რისკის გაწევის დაუოკებელმა სურვილმა მოიყვანა კაცობრიობა დღემდე და ჩამოგვაყალიბა ისეთებად, როგორებიც ვართ. ფანჯრის ყოველი გამოღება კი ამ განცდას საოცრად ამძაფრებს, თავისუფლების სურვილს გიღვივებს და ჭკუიდან გშლის, ისევ გამალებით იწყებ გამოსავლის ძებნას, ისევ დაბნეული, აფორიაქებული ჩიტივით იწყებ უმისამართოდ მოძრაობას და როდესაც უკანასკნელად ასკდები საბედისწერო კედელს, როცა ძალა საბოლოოდ გეცლება ხელებიდან, ეგუები. ეჩვევი გალიას, რომელიც ასე ძალიან გძულს და ამავდროულად გიყვარს იგი. ვინ იცის, იქნებ დადგეს დღე და ერთ-ერთი ფანჯრის გამოღებისას მიაგნო მას, სრულიად უსაფრთხო, მარტივ, თუმცა გენიალურ პასუხს. გასაღებს, რომელიც მანამ დაგიხსნის, სანამ სამყარო მოგცემს ამის საშუალებას და გაგათავისუფლებს იზოლაციის სასტიკი მარწუხებისგან.


COVID-19-სგან თავის დასაცავად, იზოლაციის დროს გაკეთებული ჩანაწერებიდან, 2020 წელი, გაზაფხული.


ნინი

5 views