• ალან პარასტაევი

ლივერპული, პარასტაევი და ... - ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთის შესახებ

მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთის ყურებაც მიყვარს და თამაშიც. მაგრამ არა - სტადიონზე. ფიზიკური ფორმის პიკზე მყოფსაც კი არ შემეძლო სტადიონზე თამაში. ყოველი შეტევისას ას მეტრზე სირბილი - ეს ჩემთვის არ არის. ხოლო დედამიწის ბურთზე ამ ყველაზე პოპულარული თამაშის ყურება რატომაც არ მიყვარს, ეს უფრო რთულად ასახსნელია.


ჩემი ცხოვრების მანძილზე ფეხბურთზე სულ ხუთჯერ, მაქსიმუმ, ექვსჯერ ვარ ნამყოფი. ბოლოს, ვლადიკავკაზში გახლდით რამდენიმე წლის წინ და მაშინ ყველაფერი კარგად იყო, უფრო სწორად - მშვენივრად. ჯერ ერთი, ეს იყო „ალანიის“ რეინკარნაციის შემდეგ პირველი მატჩები პირველ ლიგაში. ანუ, არც ისე მნიშვნელოვანი იყო, მოიგებდა თუ არა გუნდი ამ თამაშს, მთავარია - „ალანია“ ცოცხალი იყო! ჩვენ ბილეთების ფულიც კი არ გადაგვიხდია, რადგან ბოლო მომენტში კარები უბრალოდ გააღეს და ყველა გაატარეს, ვინც კარს გარეთ იდგა... ადგილებიც მინდვრის სიახლოვეს გვერგო, საკმარისად მაღლაც და ცენტრში. გამოსვლისას კი თვით ინალ ჯიოევს, სპარტაკ-ალანიის საჩემპიონო შემადგენლობის კაპიტანს შევხვდი, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ვიცნობდი, და ბოჰემურ ბარში, სადაც თავად დამპატიჟა, თითო კათხა ლუდიც გადავკარით. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ვაჟის, სახელად ასევე ინალის და ფეხბურთის დიდი ფანატის ჩემს გვერდით ყოფნა მახალისებდა. ეს ერთგვარად ოჯახური ლაშქრობასავით იყო, ამიტომ გადავწყვიტე არა უბრალოდ პოზიტიურ ნოტზე, არამედ მაჟორულ აკორდზე დამესრულებინდა ჩემი საფეხბურთო ლაშქრობები, რადგან ყველა წინა, მეტისმეტად ზემინორული გახლდათ!


მანამდე, მრავალი წლით ადრე, ბიჭებმა ფეხბურთის ფანატთა წრიდან სპარტაკ - ლივერპულის თამაშზე წამიყვანეს. რუსეთის ჩემპიონის რანგში ჩვენი გუნდის პირველ მატჩზე ევროპის ჩემპიონთა თასისთვის, ამჟამად ჩემპიონთა ლიგად რომ მოიხსენიება. აქედანვე ვიტყვი, რომ ჩვენები სასტიკად დამარცხდნენ და აი მივემართებით წვიმაში, თავჩაქინდრულები სტადიონიდან სამედიცინოს საერთო საცხოვრებლისკენ და მოულოდნელად ბიჭი, მეტსახელად „როტმანსი“ - რომელიც დღეს ცნობილი მოსკოველი ექიმია, მომიტრიალდა და თავს დამაცხრა ტირადით - „ჩვენებს ფრე მაინც უნდა ეთამაშათ, ეს შენ გაქვს უიღბლო ფეხი“. მე ხმამაღლა არც არაფერი მითქვამს, ჩემი სახის გამომეტყველება კი ამბობდა, ჰო ჰო, თბილისის „დინამომ“ ხომ მოუგო პირწმინდად „ლივერპულს“! „და „დინამო“ რა შუაშია?“ - გავაგრძელე კამათი საკუთარ თავთან მხოლოდ მიმიკით. „როგორ, თუ რა შუაშია, - განაგრძო როტმანსმა, რომელმაც ჩემი აზრების წაკითხვაც ისწავლა - „დინამოში“ 4 ოსი თამაშობდა და 6 ქართველი, ერთი აფხაზიც და მეგრელი. „სპარტაკშიც“, დაახლოებით, იგივე ოსურ-ქართული ‘’რასკლადია“, სარკისებურად არეკლილი. „დინამომ“ მოიგო? - მოიგო. „ალანიასაც“ უნდა მოეგო. მაგრამ შენ იმ თამაშზე ხომ არ ყოფილხარ?! აქ რაღას მოჩერჩეტდი და ყველაფერი გააფუჭე.“ აი „ნაგლი“, თვითონ წამომათრიეს და ლუდიც მაკისრებინეს. „მეტი აღარ განმეორდება! „კაზიოლი“ იყოს, ვინც პარასტაევს ფეხბურთზე წამოიყვანს, ვინც ეტყვის საერთოდ, რომ ჩვენები თამაშობენ.“


ჩემს ზემოთაღწერილ, როგორც „ფეხბურთის ფანატის“ გამოცდილებას წინ უძღოდა ორი ამბავი, დაკავშირებული სხვა ქართულ გუნდთან - ქუთაისის „ტორპედოსთან“. პირველი მოხდა ჯერ კიდევ 80-იანებში. ჩემი ნათესავი, ჯატიევა ელენა პავლოვნა, საქართველოში დიდების ორდენის ერთადერთი კავალერი ქალი, დიდი ხანი ცხოვრობდა ქუთაისში. ცხინვალში გადმოსულს, ხშირად ახსენდებოდა იმერეთის დედაქალაქში გატარებული წლები. და აი, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს წამიყვანა ფეხბურთზე. როგორც მიხვდით, ჩვენი ცხინვალის „სპარტაკი“ მასპინძლობდა ქუთაისის „ტორპედოს“. ვიყიდეთ ბილეთები და უკვე ვუახლოვდებოდით მკაცრ კონტროლიორს, რომ ზურგსუკან ნაცნობი ხმა მომესმა, რომელიც ამ მატჩში ჩვენი გუნდის შანსებზე ხმამაღლა მსჯელობდა. ეს გახლდათ „ჯოყო“, ჩვენი სკოლის უფროსკლასელი, რომლის ნამდვილი სახელი არ მახსოვს. ძალიან მომინდა მეჩვენებინა დეიდაჩემისთვის, რომ ნაცნობები მყავდა ადგილობრივ საფეხბურთო ექსპერტებს შორის და დავიძახე - „საღოლ, ჯოყო!“ - ‘‘ექსპერტის’’ მისამართით (იმ დროს „საღოლ“ მისასალმებლად გამოიყენებოდა). ჯოყო მოტრიალდა, მომაძახა „ზდაროვა“ და განაგრძო გარშემომყოფთა განათლება. დეიდამ შენიშნა ჩემი მოძრაობები და მკითხა:


- შენი მეგობარი, რა, ფეხბურთს თამაშობს?


- გულშემატკივრობს და კიდეც თამაშობს - მხიარულად ვუპასუხე ჩემდა საუბედუროდ.



დაიწყო თამაში, რომელიც საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა და მე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, მახალისებდა იმის ხილვა, თუ როგორ დარბოდნენ ჩემი ქალაქელი ნაცნობი მამაკაცები ტრუსებით მოედანზე. და უცებ ქუთაისელებმა ტემპს მოუმატეს, ხისტ პრესინგს მიმართეს და რამოდენიმეჯერ სახიფათოდაც შეუტიეს ჩვენების კარს. მაყურებელი ნერვულად დაიძაბა. და ამ დროს ჩემი ნაცნობი ჯოყო წამოიმართა ტრიბუნაზე და უხამსობების ღრიალი დაიწყო მსაჯისა და სტუმართა გუნდის ფეხბურთელების მისამართით. ამასთან, გაჰყვიროდა სახელდობრ ქართულად, ამ საქმის მცოდნედ და, უნდა ითქვას, იუმორითაც კი. ჯოყო წარმოშობით იყო ცხინვალის შემოგარენის ერთ-ერთი ქართული სოფლიდან და იქიდან დადიოდა ცხინვალის სკოლაში. ასე გაგრძელდა ერთი 15 წუთი, შესვენებამდე. შესვებაზე ელენა პავლოვნა ნაყინით და ლიმონათით გამასპინძლებას დამპირდა და გზად ისევ გადავეყარეთ ჯოყოს, რომელმაც ამჯერად თავად მომმართა მეტსახელით: - „აბა,როგორ მოგწონს თამაში, კუტ?..“ „რა ნაცნობები გყოლია, უზრდელი!“ - საკმაოდ მკაცრად მომაძახა დეიდამ, რომელსაც აშკარად ვერ შეემჩნია იუმორის ნოტები ცხინვალელი ტიფოზის შეძახილებში.


შესვენების შემდეგ მწვრთნელისა და გულშემატკივრებისგან დატუქსულმა სპარტაკელებმა თამაში გააუმჯობესეს, შეუტიეს და მგონი, გოლიც გაიტანეს. მაგრამ ჯოყო არ ცხრებოდა, ახლა უკვე გამოცოცხლებული ტრიბუნების ხმაურის გადაფარვასაც კი ახერხებდა და არც გინებამ იკლო მის მიმართვებში. ომის ვეტერანმა, ჯატიევამ ვეღარ გაუძლო ასეთ ზღვარგადასულ უცენზურობას, წამავლო ხელი და გასასვლელისკენ წამიყვანა. – „ამ არამზადას გინების მოსმენა აღარ შემიძლია - როგორ იქცევა შენი მეგობარი! ოსურად მაინც ელანძღა, რომ სტუმრებს არ გაეგოთ. მეტოქეები არიან, მაგრამ მაინც ჩვენი სტუმრები! ისიც ყველამ დაინახა, რომ შენ მოგესალმა!“


მაგრამ ყველაზე დიდი სირცხვილი მაინც ჯარში ვჭამე, იგივე ქუთაისში, სადაც სამხედრო სამსახურს გავდიოდი. გუნდებიც იგივე იყვნენ, როგორც წინა ჯერზე, ქართული და ოსური - „ტორპედო“ „სპარტაკს“ ეთამაშებოდა, ამჯერად, ვლადიკავკაზის. ის ჯერ კიდევ არ იყო „ალანია“. მაშინ ორივე გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობდა, მაგრამ ვლადიკავკაზი აღმავლობის გზას ადგა, ცდილობდა უმაღლეს ლიგაში გადასვლას და ქუთაისელებისთვის მოგებაც სავსებით შეეძლო. მე დავითანხმე „ზამპოლიტი“ (მეთაური ჯარში) და კვირას ჩვენი ოცეულის ბიჭები ფეხბურთზე წაგვიყვანა. და აი სტრადიონზე ვართ, მე თანამემამულეების მოგების მოლოდინში! სპარტაკს ჰყავდა იმ დროს ერთ-ერთ უკრაინულ კლუბში „ნაყიდი“ პარასტაევი, ჩემი მოგვარე, არსებითად, პირველი ლიგის ვარსკვლავი, რომელიც მწვრთნელმა ვლადიმერ გაზაევმა იხმო გუნდის გასაძლირებლად. ეს განსაკუთრებულ ელფერს მატებდა ფეხბურთზე ჩვენს დასწრებას და ჩემი ჩანაფიქრით, ჩემი ავტორიტეტის ზრდისთვისაც ხელი უნდა შეეწყო, მაგრამ გაზაევმა ყველაფერი გააფუჭა. თამაშის დაწყებისას ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ, როგორც ახლა იტყვიან ხოლმე, რაღაც ისე არ წავიდა და გაზაევმა მისთვის ჩვეული მანერით დაიწყო მინდვრის განაპირას პერიოდულად მისვლა და ყვირილი და ყვიროდა ისე, რომ არა მხოლოდ სტადიონს, გვერდით მდგომი კორპუსების მცხოვრებლებსაც ესმოდათ მისი ღრიალი! და უყვიროდა თავის ფორვარდს, სწორედ იმ პარასტაევს! და ეს მითითებები უხვად იყო გაჯერებული გინებით.



– „პარასტაევ, გამოდი, დამატებაზე, შენი დედაც ... !!!“


შემდგომში, კარგა ხანს, შეხვედრისას ‘‘ზამპოლიტი’’ მომაძახებდა ხოლმე გაზაევის ციტატას და თან ამატებდა - „ ამას მე კი არა, თქვენი ვლადიკავკაზელი მწვრთნელი ამბობსო.


ალან პარასტაევი

2 views