• Alan Parastaev

მანანა ცხოვრებოვა - ქართული კინოს ოსი მარგალიტი

საბჭოთა პერიოდის ქართულ ფილმში ქალი მსახიობების მთელი თანავარსკვლავედი იყო წარმოდგენილი. ამ ლამაზ ბანოვანთა შორის კი გამორჩეული ადგილი ეკავა ტრაგიკული ხვედრის ულამაზეს ოს მსახიობს მანანა ცხოვრებოვას.



ცხინვალის რაიონის სოფელ რუსთავში დაიბადა. ძალიან მცირე ასაკში მეტეორივით შემოიჭრა ქართულ კინოში და ყველა მის განუმეორებელ სილამაზეზე აალაპარაკა. 16 წლისამ ითამაშა თავის პირველ ფილმში - გუგული მგელაძის „ცისკის ზარებში“ (1967). შემდეგ იყო ნიკოლოზ სანიშვილის „განგაში“ (1968), გუგული მგელაძის „გამთენიის წინ“ (1972) და ოთარ იოსელიანის „იყო შაშვი მგალობელი“ (1972), რის შემდეგაც კინომატოგრაფიული სამყაროში მასზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ, როგორც წარმოუდგენელი სილამაზის ნიჭიერ მსახიობზე.


მანანა ცხოვრებოვა გადასაღებ მოედანზე სკოლის მერხიდან მივიდა და საგულისხმოა, რომ მას სამსახიობო განათლება არ მიუღია. საკმაოდ ახალგაზრდა, 40 წლის ასაკში ტრაგიკულად, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 1993 წელს. ამიტომ მისი ფილმოგრაფია არც თუ ისე მრავალრიცხოვანია. თუმცა მოასწრო ისეთ დიდ რეჟისორებთან მუშაობა, როგორების არიან სერგო ფარაჯანოვი ("ამბავი სურამის ციხისა" 1984) და ლანა ღოღობერიძე ("ვალსი პეჩორაზე", 1992). ასევე სხვა საბჭოთა ქვეყნებშიც ითამაშა რამდენიმე ფილმში.


მისი შვილი მილენა ცხოვრებოვა მოსკოვში თეატრის ცნობილი მსახიობია და ამჟამად მოღვაწეობს თეატრში „ჩელოვეკ“ (ადამიანი). მეორე შვილი სოფია ისააკიანი ცხინვალში ცხოვრობს და ჟურნალისტია, ასევე ფოტოგრაფიითაა გატაცებული.


სოფია თვლის, რომ დედას, დიდი სახელის მიუხედავად, კარიერაში არ გაუმართლა, რადგან მისი სამსახიობო პოტენციალი კინოში სრულფასოვნად გამოყენებული არ ყოფილა. ის მხოლოდ ლამაზ ქალებს თამაშობდა და ასე ლამაზ გოგონად შერჩა კინომატოგრაფს. ამ დროს, ძალიან უყვარდა იტალიური კინემატოგრაფი, ფელინი კი მისი საოცნებო რეჟისორი იყო.


„ძალიან ნიჭიერი იყო და საოცარი შინაგანი სამყარო ჰქონდა. საჭირო იყო ამის გარეთ გამოტანა, მაგრამ არავინ გააკეთა ეს. ვერ შეხვდა „თავის“ რეჟისორს, რომელიც ბოლომდე გახსნიდა მის პოტენციალს“, ამბობს სოფია.



შვილი სინანულით აღნიშნავს, რომ მანანა ცხოვრებოვას ფილმების არქივი ოჯახს არ გააჩნია. „რაღაც არის ინტერნეტში, უფრო ფრაგმენტები. რაღაც ახლობლებმა მოგვაწოდეს, მაგრამ რაც ჩვენ გვაქვს მისი შემოქმედებიდან ზღვაში წვეთია“, ამბობს სოფია. შემთხვევით, ინტერნეტში აღმოაჩინეს, რომ მას მთავარი როლი უთამაშია სომხური ფილმში Этот зеленый красный мир, ასევე მათმა ახლობელმა შეიძინა რიგაში გადაღებული საბჭოთა ფილმი ბუბა კიკაბიძით მთავარ როლში (ფილმის სათაურს სოფია ვერ იხსენებს) და აღმოჩნდა, რომ მანანა ცხოვრებოვას ამ ფილმშიც უთამაშია.


სამწუხაროდ, აღნიშნავს სოფია, ოსური საზოგადოება დედას სათანადოდ არ აფასებს და ამაში წვლილი არა მხოლოდ იმას მიუძღვის, რომ მისი ფილმები კინოსტუდია „ქართულ ფილმშია“ გადაღებული და ჩვენ დღეს საქართველოსთან კონფლიქტი გვაქვს, არამედ იმითაც, რომ ოსური კულტურის მესვეურებს ზედმეტად არ უნდათ დატვირტთვა და საჭირო მასალების მოძიება.


თუმცა, ეს მხოლოდ დედას არ ეხება, ამბობს იგი, ცხინვალში არავინ ახსენებს ასევე ჩემს დასაც - მილენას, რომელიც გენიალური მსახიობია და მოსკოვში მოღვაწეობს. ჩვენი თანამემამულეები მოსკოვში არც კი ინტერესდებიან, რომ ცნობილი ოსი მსახიობის სპექტაკლებს დაესწრონ.


სოფიას თქმით, დედა მხოლოდ მის თაობას თუ ახსოვს და ისიც რაღაც ნაწილი იცნობს მას. ახალ თაობას კი მანანა ცხოვრებოვაზე წარმოდგენაც კი არ აქვს. „თუმცა, თუ ისეთ გარემოში ვხვდებით, სადაც დედას იცნობენ, ეს ყოველთვის არის სასიამოვნო ჩვენთვის, აუცილებლად გულთბილ დამოკიდებულებას ვაწყდებით, ეს კი დიდი დივიდენდია ჩვენთის, განსაკუთრებით ჩემი დისთის, რომელიც ასევე მსახიობია“.


შვილის თქმით, მანანას ძალიან უყვარდა და ფაქტიურად აღმერთებდა თბილისს. ძირითადად იქ ცხოვრობდა, თუმცა ცხინვალშიც დიდ დროს ატარებდა. „როდესაც ცხინვალიდან თბილისში ბრუნდებოდა ხოლმე“, იხსენებს სოფია - „პატარა ვიყავი მაშინ და მკაფიოდ მახსოვს ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ხმამაღლა როგორ ყვიროდა, რომ ძალიან უყვარს თბილისი“. თუმცა, თავისი ოსური ფესვების და წარმომავლობის ერთგული იყო და ყველგან ხაზს უსვამდა, რომ ეროვნებით იყო ოსი. გვარიც კი არ დათმო როცა გათხოვდა. სოფიას თქმით, ოსი ქალის ყველა თვისება იყო დედაში - სილამაზე, მოკრძალება და სიამაყე. ის ძალიან ღია იყო და მასთან ყველა მეგობრობდა, განსაკუთრებით ახალგაზრდები. შვილი იხსენებს, რომ მას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მეგობრობოთ მამაკაცებთან უფრო მეგობრობდა, „რადგან როგორც ჩანს ქალებს სილამაზესთან მეგობრობა უჭირთ უფრო, იმიტომ, რომ მეგობრობა სუფთა უნდა იყოს და შურს ვერ იტანს“.



სოფია აღფთავენებით საუბრობს დედაზე: „განსხვავებული იყო, ძალიან ლაღი და გულგახსნილი, თან ასეთი ლამაზი, ამიტომ ყველას ყურადღებას იპყრობდა. შვილებისთვისაც ძალიან კარგი დედა იყო და არ გვაკლებდა ზრუნვას, მისგან ვსწავლობდი ყველაფერს ამ ცხოვრებაში, სამწუხაროდ ძალიან, ძალიან ადრე წავიდა და შეუვსებელი სიცარიელე დატოვა. იმედია თანამედროვენი მას სათანადოდ დააფასებენ“.

1 view