• ზურაბ ბენდიანიშვილი

ოსები და საქართველო

ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. უძველესი დროიდან მათ მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ. ოსებს სხვადასხვა სახელწოდებით იხსენიებენ ისტორიულ დოკუმენტებში: ბიზანტიურ, არაბულ, სპარსულ, სომხურ და დასავლეთევროპულ წყაროებში ისინი ზოგან ალანებად იწოდებიან, ზოგან — ასებად, რუსულ წყაროებში იასი (ясы) ეწოდებათ, ქართულ წყაროებში — ოვსი ან ოსი. ქვეყანას, სადაც ოსები ცხოვრობდნენ, ქართველებმა ოვსეთი-ოსეთი შეარქვეს. აქედან გავრცელ-და თანამედროვე რუსული სახელწოდებები осетины, Осетия. თვითონ ოსები თავიანთ თავს ირონს (ирон) უწოდებენ, ხოლო თავიანთ ქვეყანას — ირისთონს (Игрыстон).



მეცნიერთა ერთი ნაწილი ოსებს სკვით-ალან-სარმატთა პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნევს. ოსური ენა განეკუთვნება ინდოევროპული ენების ჩრდილო ირანულ ჯგუფს. ოსები ლაპარაკობენ ორ დიალექტზე — ირონულსა და დიგორულზე. ლიტერატურული ენის საფუძველია ირონული დიალექტი.


ეთნოლოგისა და ისტორიკოსის როლანდ თოფჩიშვილის ცნობით, ოსები ირანულენოვანი ალანების უშუალო შთამომავლები არიან; ალან-ოსთა ეთნოგენეზი, მეცნიერთა აზრით, მოხდა არა კავკასიაში ადგილობრივ კავკასიელებთან შერევის შედეგად, არამედ შუა აზიაში - არალისპირეთში. პირველად ისინი ძვ. წ. II საუკუნის ჩინურ წყაროებში არიან მოხსენიებული. ამ წყაროთა თვალსაწიერი კი კასპიის ზღვის აღმოსავლეთ მონაკვეთს არ სცილდებოდა. კლასიკურ ავტორთა თვალსაწიერში ალანები ახ. წ. I საუკუნეში ჩნდებიან, მას შემდეგ, რაც ევრაზიის სივრცის ევროპულ მონაკვეთში დაიწყეს მომთაბარეობა და გამოცალკევდნენ აზიელი ალანებისგან. ოსთა წინაპარი ალანების შესახებ მოთხრობილია კატალონიელ მეცნიერ აუგუსტ ალემანის წიგნში, სადაც აღნიშნულია, რომ ალანების სამომთაბარო არეალი ევრაზიის სივრცე იყო. ვოლგასა და აზოვის ზღვის მონაკვეთში მომთაბარე ალანები IV საუკუნის 70-იან წლებში ჰუნებმა გაანადგურეს, გადარჩენილთა ნაწილი ჰუნებს დასავლეთში გაჰყვა, ხოლო ნაწილმა ჩრდილოეთ კავკასიის ველებში ჩამოინაცვლა, სადაც ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ, შექმნეს სახელმწიფო და ამ დროიდან ალანებთან (ოსებთან) ქართულ სახელმწიფოს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა.


განსახლება

ოსთა ჯგუფი, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი იყო. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსთვის მათი რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეადგენდა 164 ათასს და რაოდენობრივად მხოლოდ სომხებს, რუსებსა და აზერბაიჯანელებს ჩამორჩებოდა. საქართველოში ოსების რაოდენობის შემცირებაზე გავლენა მოახდინა 1990-იანი წლების კონფლიქტმა.


2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებით, ოსების რაოდენობა საქართველოში 38 ათასი იყო, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის მონაცემების გამოკლებით. საქართველოში მცხოვრებ ოსთა ძირითადი რაოდენობა ცხოვრობს აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტესად შიდა და ზემო ქართლში, ნაწილობრივ — კახეთში. ოსები კომპაქტურად არიან დასახლებულნი დასავლეთ საქართველოს სამ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კუთხეში — კუდაროში, ზემო იმერეთსა და ზემო რაჭაში.


საქართველოში ოსთა დამკვიდრებას მეცნიერთა ერთი ნაწილი უძველეს დროს, III-IV ან VI-VII საუკუნეებს, უკავშირებს. საქართველოში ოსთა მასობრივი დასახლების პერიოდად ზოგიერთი მეცნიერი მონღოლთა შემოსევების ხანას — XIII-XIV საუკუნეებს ან შემდგომ პერიოდს მიიჩნევს. ქართველ მეცნიერთა კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ქართლის მთიანეთში ოსები XVII საუკუნეში დასახლდნენ, მათი ინტენსიური გადმოსახლება კი XVIII საუკუნუში ხდებოდა.


თავდაპირველად ოსები საქართველოს მთიანეთში სახლდებოდნენ. ძირითადად, ცალკეული ოჯახი გადმოდიოდა და სამოსახლოს რაციონალურად იყენებდა: საცხოვრებელ სახლს ოსი მაღლობზე იშენებდა, რათა ეკონომიურად გამოეყენებინა მიწის ფართობი (დაბლობს სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა) და საცხოვრებელიც მტრის მოსაგერიებლად მოხერხებული ყოფილიყო. ამ მიზნით პირველმოსახლე კოშკსაც იშენებდა. დასახლება იწოდებოდა ოჯახის უფროსის სახელის ან გვარის მიხედვით. მთის დასახლებები მცირეკომლიანი იყო.


საცხოვრებელი, ძირითადად, სწორი გადახურვის მქონე ნაგებობები, ქვისგან შენდებოდა. მაღალმთიანეთში საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობები ერთ ჭერქვეშ თავსდებოდა. პირველ სართულზე საქონელი იდგა და სასოფლო-სამეურნეო იარაღები ინახებოდა, მეორეზე — დიდ, ფართო საცხოვრებელში (хадзар) მთელი ოჯახი თავსდებოდა. მთაში გვხვდებოდა ციხე-სახლი (ганах), რომელიც საცხოვრებელი სართულის, საქონლის სადგომისა და ზემო — თავდაცვისთვის გამიზნული სართულისგან შედგებოდა. სოფლის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იყო მამაკაცთა თავშეყრის ადგილი ნიხასი (ныхас). ეს იყო იმ შეკრებათა ადგილი, რომლებზეც ირჩეოდა და წყდებოდა საერთო-სასოფლო საჭირბოროტო საკითხები, საკითხი ხმათა უმრავლესობით და უხუცესთა ავტორიტეტული გადაწყვეტილებით მთავრდებოდა. სოფელში ადათობრივი სამართალი მოქმედებდა.


მეურნეობა.

საქართველოს მთიანეთში მეურნეობის ძირითადი დარგი მესაქონლეობა იყო. მისდევდნენ მეფუტკრეობასაც. ოსები მისდევდნენ მეთევზეობას, მონადირეობას. დაბლობში ჩასახლებული ოსები მებაღეობასა და ზოგჯერ მევენახეობასაც ეწეოდნენ. ოსები ამზადებდნენ ცნობილ ოსურ ყველს, რომელიც ძვირად ფასობდა, ქსოვდნენ ცნობილ ოსურ შალს, რომელსაც ჩერქეზულსაც კი ამჯობინებდნენ, გამოჰყავდათ ტყავეული, ქსოვდნენ ფარდაგებსა და სხვ. სამხრეთელი ოსები ხშირი სტუმრები იყვნენ საქართველოს ცნობილი ბაზრობებისა თბილისში, გორში, საჩხერეში, ონში და სხვაგან.


სამოსი


საქართველოში დაფუძნებულ ოსთა სამოსი ყოველი კავკასიელი მამაკაცისათვის დამახასიათებელი ჩოხა-ახალუხისა და შარვლისგან შედგებოდა, რომელიც ცნობილი ოსური შალისგან იკერებოდა. მამაკაცის საგარეო კოსტიუმი აუცილებელი აქსესუარი იყო ვიწრო ტყავის ქამარი, ვერცხლის ან სპილენძის აბზინდით (ბალთით). მასზე ეკიდათ ხანჯალი. ზამთარში ცხვრის ტყავის ქურქებს ატარებდნენ. ძალიან მიღებული იყო ნაბდის ტარება. თავსაბურავად ოსი მამაკაცები ხმარობდნენ ნაბდის ცნობილ ოსურ ფართე ნაპირებიან ქუდებს, ფაფახებს, ყაბალახს.


ოსი ქალები იცმევდნენ ქვედა კაბას ზედა ჩასაცმელთან ერთად ან კაბას. საყოველდღეოდ ფართო «კოფთები» გამოიყენებოდა, საგარეოდ — წელში გამოყვანილი, ღილებით და თასმებით შესაკრავი სამოსი. თავსაბურავად მხოლოდ თავშალს ან მანდილს ხმარობდნენ.


ოჯახური ყოფა

საქართველოს მთიანეთში დამკვიდრებული ოსები, ძირითადად, დიდ ოჯახებად, ანუ საოჯახო თემებად ცხოვრობდნენ. რამდენიმე თაობისგან შემდგარი მრავალსულიანი სოციალური ერთეულის მართვა ტრადიციით შემუშავებული ნორმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.


როგორც საოჯახო თემში, ასევე ინდივიდუალურ ოჯახში, ყველაზე დიდი უფლებებით სარგებლობდა უხუცესი მამაკაცი — პაპა ან მამა, მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო ასაკის მამაკაცი. ყოველი ოჯახის აზრს მისი უხუცესი წევრი წარმოადგენდა საზოგადოების, სოფლის, თემის საერთო კრებაზე — ნიხასზე.


სამეურნეო სამუშაოებში მკაცრად იყო დაცული სქესობრივ-ასაკობრივი პრინციპი. სამამაკაცო საქმიანობას ანაწილებდა უხუცესი მამაკაცი, ხოლო სადედაკაცო საქმეების მოწესრიგება-განაწილებას ოჯახის უხუცესი დიასახლისი ხელმძღვანელობდა, რომელიც ისევე პატივდებული იყო ოჯახში, როგორც მამაკაცი, თუმცა იგი «საკაცებო საქმეებში» არ ერეოდა. გაყრა, ოჯახის რღვევა დიდ სირცხვილად ითვლებოდა და პრაქტიკულად არც ხდებოდა.


საქართველოს ოსებში მკაცრად იყო დაცული ეგზოგამია. ქორწინება დაუშვებელი იყო არამარტო მოგვარეებში, არამედ დედის ხაზით ნათესავებს შორისაც.


რელიგია

ოსი ხალხი, ისევე როგორც ქართველები და კავკასიის სხვა ხალხები, გაქრისტიანებამდე წარმართები იყვნენ. თუმცა, წარმართობიდან შემორჩენილი წეს-ჩვეულებები დღესაც გვხვდება ხოლმე ოსების ყოფაში.



ოსთა წინაპრები რამდენიმე ღმერთს იცნობდნენ: მზისა და ცის განმგებელს — პაპაის; კერისა და ბედნიერების ღმერთს — თაბითის; ომების ღმერთს — არესს. ოსთა წარმართულ პანთეონში მთავარი ადგილი უკავია ღვთაებათა ღვთაებას (Хуыцёуты Хуыцау), ყველაზე პატივდებული სალოცავი ოსებში არის წინარექრისტიანული ღვთაება ვასთირჯი (Уастырджи). ვასთირჯი წმინდა გიორგის კულტთან სინკრეტიზებული მამაკაცთა, მგზავრთა და მეომართა მფარველი ღვთაებაა.


ოსებში შემორჩენილია ძველი ხალხური რწმენა-წარმოდგენები, რომელთა შორის იკვეთება როგორც ძველი ირანული, ასევე კავკასიური ელემენტები. სამხრეთელი ოსების რწმენა-წარმოდგენებიდან ბევრია დაკავშირებული აგრარულ კულტთან. ოსები დღესაც აღნიშნავენ ძველ, ტრადიციულ დღესასწაულებს: თიბვის დაწყებას, მოსავლის აღებას. მრავლადაა შემორჩენილი საგვარეულო, სასოფლო კულტები (дзуар). განსაკუთრებული პატივისცემით იყო მოცული წმ. გიორგის, მთავარანგელოზთა სალოცავები, რომლებსაც ოსები ქართველებთან ერთად მიაგებენ პატივს.


დღესდღეობით ოსები ძირითადად ქრისტიანები არიან (მხოლოდ ჩრდ. ოსეთის რამდენიმე სოფელში ცხოვრობენ მუსლიმი ოსები). ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ისინი IV საუკუნეში გაქრისტიანდნენ. «ქართლის ცხოვრების» მიხედვით კი, ალანებმა ქრისტიანობა საქართველოდან მიიღეს (VII ს-ში). X საუკუნიდან ქრისტიანობა ალანოსთა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.


IX საუკუნის მოღვაწე, სლავური დამწერლობის შემქმნელი კონსტანტინე (იგივე კირილე, ცნობილი ბერძენი სწავლული) ალანებს მათ შორის იხსენიებს, რომლებსაც «დამწერლობა აქვთ და ადიდებენ ღმერთს მშობლიურ ენაზე». ამ დროისათვის ითარგმნებოდა ქრისტიანული სასულიერო ლიტერატურა და ღვთისმსახურებაც ალანურ ენაზე სრულდებოდა. XVII-XVIII საუკუნეებში დიგორელი ოსების ერთმა ნაწილმა (ყაბარდოს გავლენით) ისლამი მიიღო.


რამდენიმე საეკლესიო ტერმინი ოსურში ქართულიდანაა შესული: дзуар (ჯვარი), чырыстон (ქრისტიანი) და სხვ. კვირა დღეს ოსები ღვთის დღეს (Хуыцёубон) უწოდებენ.


დამწერლობა


ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ოსთა უშუალო წინაპრებს - ალანებს ადრევე ჰქონიათ დამწერლობა. ამას რამდენიმე ისტორიული წყარო ადასტურებს. დასავლეთ ევროპელი მოგზაურის, ვილჰელმ დე რუბრუკის (XIII ს.) ცნობით, «ოსები ქრისტიანები არიან... ისინი იყენებენ ბერძნულ დამწერლობას და ჰყავთ ბერძენი წმინდანები». მაგრამ პროფესიული ოსური მწერლობის განვითარება XIX საუკუნიდან იწყება.


1743 წელს შეიქმნა ოსური სასულიერო კომისია (ცენტრით მოზდოკში), რომელშიც ქართველი სასულიერო პირებიც შედიოდნენ. კომისიას ევალებოდა ქრისტიანობის გავრცელება ოსებში. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსახლეობაში წერა-კითხვის გავრცელებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისმა ცენტრმა 1814 წელს მოზდოკიდან თბილისში გადმოინაცვლა.


სამხრეთელი ოსებისათვის 1828 წელს საქართველოს ეგზარქოსის განჩინებით პირველი სასულიერო სკოლები გაიხსნა ჯავაში, ედისში, ჩესელთასა და ბეყმარში. ბავშვები განათლებას ქართული ანბანის საფუძველზე შედგენილი სახელმძღვანელოებით იღებდნენ. უკვე 1864 წელს 9 სასულიერო სკოლა მოქმედებდა, რომლებშიც 140 მოსწავლე სწავლობდა.


ქრისტიანობის გავრცელებამ დღის წესრიგში დააყენა სასულიერო წიგნების ოსურ ენაზე თარგმნის საკითხი. თარგმანები ქართულიდან, ქართული ანბანის გამოყენებით, 1747-1753 წლებში შეასრულა იღუმენმა გრიგორმა. ესენი პირველი ხელნაწერი წიგნები იყო ოსურ ენაზე.


XIX საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო იოანე იალღუზიძე-გაბარაევი (1770- 1830). მან სასულიერო განათლება მიიღო ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე და იყო შესანიშნავი მცოდნე ქართული, ოსური და რუსული ენებისა. ეწეოდა პედაგოგიურ და მისიონერულ საქმიანობას. მან დიდი როლი ითამაშა კავკასიონის სამხრეთით მცხოვრები ოსების გაქრისტიანებაში. ქართული გრაფიკის საფუძველზე, იოანე იალღუზიძემ შექმნა ოსური ანბანი (1802 წელს). ამ ანბანს იყენებდნენ როგორც კავკასიონის სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები ოსები. იოანე იალღუზიძემ ქართულიდან ოსურ ენაზე გადათარგმნა «კატეხიზმო», «ღვთისმსახურება». მისი გარდაცვალების შემდეგ ქართული ალფაბეტი ცარიზმის რუსიფიკატორული რეჟიმის შედეგად რუსული ანბანით შეიცვალა. ი. იალღუზიძემ ოსების ისტორიული წარსული გააცოცხლა პოემა «იალღუზიანში».


ოსური ანბანი რუსული ანბანის გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აკადემიკოსმა ანდრეი შეგრენმა. მან საფუძვლიანად შეისწავლა ოსური ენა და 1844 წელს გამოსცა ნაშრომი „ოსური ენის გრამატიკა».

ყველაზე ცნობილი ოსი მწერალი და საზოგადო მოღვაწეა კოსტა ხეთაგუროვი, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან და იქ ბევრი მეგობარი ჰყავდა.


ოსური ლიტერატურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გიორგი ძუგაევმა, ნაფი ჯუსოითიმ, გიორგი ბესთაუთმა, კოსტა მარგიევმა, ლეონიდ ხარებათმა და სხვ. გიორგი ბესთაუთმა ოსურ ენაზე თარგმნა ვეფხისტყაოსანი.


საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ოსები ტრადიციულად ქართულ საზოგადოებაში ყველაზე ინტეგრირებულ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. თუ ინტეგრაციის გამსაზღვრელ კრიტერიუმებად მივიჩნევთ ქართული ენის ფლობას, ურთიერთობების სიხშირეს ქართველებთან, შერეული ოჯახების შექმნის ტრადიციას ქართველებთან მაშინ თამამად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ინტეგრაციის დონე თანაბრად მაღალი იყო როგორც ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ოსებში.


1989 წელს ცხინვალის ინსტიტუტის პროფესორი ლუდვიგ ჩიბიროვი წერს: ,,დიახ, ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ბედმა დააკავშირა ერთმანეთს და ვფიქრობ, სანამ ვარსებობთ, ჩვენს ერთიანობას საფრთხე არ დაემუქრება... ზნაურის რაიონში მოსახლეობის 40 პროცენტს შერეული ქორწინებით აქვს ოჯახი შექმნილი. აქ ვეღარც გაიგებ, ვინ ქართველია და ვინ - ოსი. ან რაში გვჭირდება, როცა წესჩვეულება, ქცევები, ხასიათი, ჩვენს ხალხებს თითქმის ერთნაირი აქვთ...“


გელა კაპანაძე


მასალის მომზადებისას გამოყენებულია ტოლერანტობის ცენტრის, ვიკიპედიის, რონალდ თოფჩიშვილის, გიორგი სოსიაშვილის, ნაირა ბეპიევის პუბლიკაციები.

4 views