• ნია დვალიძე და ალან პარასტაევი

რას ვფიქრობთ ერთმანეთზე ქართველები და ოსები


მის გასარკვევად თუ რა სტერეოტიპები არსებობს ქართველებსა და ოსებზე ერთმანეთთან დაპირისპირებულ ამ ორ საზოგადოებაში, თბილისში ჩავატარეთ გამოკითხვა - მათი აზრით რას ფიქრობენ ოსები ქართველებზე?, ხოლო ცხინვალში ვიკითხეთ - მათი აზრით რას ფიქრობენ ქართველები ოსებზე? პასუხებმა სამწუხაროდ დაგვანახა, თუ რამდენად არის დაცილებული ერთმანეთს ისტორიულად ერთად მცხოვრები ორი ხალხი. გამოკითხვა ვერ იქნება საზოგადოებრივ განწყობათა ზუსტი ამსახველი, მაგრამ გარკვეული ტენდენციების დანახვა შესაძლებელია.






თბილისი



  • ალბათ ლოგიკურად ოსები, ისევე როგორც აფხაზები, ზიზღს გრძნობენ ჩვენს მიმართ. ეჭვი მეპარება რაიმე დადებით ემოციას იწვევდნენ ქართველები მათში.


17 წლის



  • ცოტა ხნის წინ ვიდეო ვნახე, სადაც ოსები საუბრობენ, თუ როგორ არ მოსწონთ პუტინი, მაგრამ არც საქართველოს ნაწილად მიიჩნევენ ოსეთს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენთან დაბრუნება არ უნდათ, რომ შეეძლოთ მხოლოდ რუსეთის კლანჭებიდან დაიხსნიდნენ თავს.


21 წლის



  • ოსებს სჯერათ (ან დააჯერეს), რომ ქართველების მიერ მართლაც ჰქონდა გენოციდს ადგილი. ამ და კიდევ ბევრი რამის შემდეგ ეჭვი მეპარება მათ ჩვენდამი რაიმე სახის სიმპატია გააჩნდეთ. რა თქმა უნდა, არც ფიქრობენ ჩვენთან ურთიერთობის აღდგენაზე.


23 წლის


  • ჩემი გადმოსახედიდან, ვინაიდან ოსები უფრო კარჩაკეტილ საზოგადოებას წარმოადგენენ და უფრო მკაცრად იცავენ ტრადიციებს, ქართველების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, რაც, გარდა რუსული ზეგავლენისა (რომელიც მძლავრად მოქმედებს მათზე), ჩვენმა ევროპულმა ორიენტაციამაც გამოიწვია, რაც მათთვის ტრადიციების რღვევის წინაპირობაა და მიუღებელად მიიჩნევა.


31 წლის


  • მე არ ვფიქრობ, რომ ოსებს უნდათ ჩვენთან შერიგება. 30 წელი გავიდა, იმედის მომცემი კი არაფერი ჩანს. ახალმა თაობამ ალბათ კარგი არაფერი იცის ქართველებზე, კომფორტულად არიან იმ ინფორმაციულ ვაკუუმში.


35 წლის


  • მგონია, რომ ოსებს ძალიან უყვართ საქართველო და დაბრუნებაც უნდათ, უბრალოდ რა თქმა უნდა რუსეთის შიშით ვერ გამოხატავენ ამას.


40 წლის


  • ოსებს დიდი ხანია რუსეთმა შეუცვალა ყველაფერი, ახალ თაობებს ასწავლიან, რომ საქართველო დამპყრობელია. შეიძლება არის დარჩენილი რაღაც ნაწილი, რომლებსაც კიდევ აქვთ დადებითი გრძნობები ჩვენს მიმართ, მაგრამ მაინც მგონია, რომ დიდად არც მათ უღირთ ამის აღიარება ან რამის შეცვლა.


46 წლის


  • მე ვფიქრობ და მჯერა, რომ ოსებს ჩვენს გარეშე ყოფნა არ მოსწონთ, მაგრამ ექცევიან რუსეთის გავლენის ქვეშ და ეშინიათ ამის აღიარებისა და ცვილებების.


58 წლის


ცხინვალი


  • ქართველები ჩვენზე ფიქრობენ რომ რუსების ხელით ისინი დავამარცხეთ, განვდევნეთ და ახლა შურისძიებაზე ოცნებობენ 2008 წლის გამო.


18 წლის


  • ალბათ კარგს არ ფიქრობენ, მაგრამ უნდა შევეცადოთ მათ ჩვენ სხვანაირები დაგვინახონ, რათა მტრობა აღარ იყოს და კეთილმეზობლურად ცხოვრება შევძლოთ.


20 წლის


  • არ მაინტერესებს ქართველები რას ფიქრობენ და არაფერი მინდა ვიცოდე მათ შესახებ. ალბათ კარგს არც არაფერს ფიქრობენ.


27 წლის


  • ქართველები ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობენ და ჩვენ მათზე არ ვფიქრობთ, თუ შეეკითხები, გიპასუხებენ რა თმა უნდა, რომ ეს მათი მიწაა სამაჩაბლო და შიდა ქართლი და „ნებას დაგვრთავენ“ რომ იქ ვიცხოვროთ, ხოლო დასავლეთს ეტყვიან აი როგორი ტოლერანტულები ვართო.


30 წლის


  • ქართველი პოლიტიკოსები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ რომ დასავლეთს მოაწონონ თავი, თავის ხალხიც ფეხებზე ჰკიდიათ და ოსებიც რა თქნმა უნდა არ ანაღვლებთ.


35 წლის


  • იმისათის რომ ქართველებმა არ იფიქრონ ოსებთან არსებულ პრობლემებზე მოიგონეს რომ რუსების მიერ ვართ ოკუპირებული.


40 წლის


  • ზოგჯერ მათ არხებს ვუყურებ და ... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართველებს გონიათ თითქოს ოსებს მათთან ცხოვრება უნდათ და რუსეთი არ უშვებს. ეს მცდარი აზრია.


52 წლის



  • ქართველებსა და ოსებს შორის არის სიმპატია, მეგობრობა, ამავე დროს, მტრობა და მიუღებლობაც, ასე იყო ყოველთვის, მაგრამ რუსეთმა და სააკაშვილმა ჩაკეტეს მეგობრობის და სიმპატიის მიმართულება.


59 წლის

3 views