• ალან პარასტაევი

როგორ ანგრევენ ქართველი პოეტები ოსურ საოჯახო ლეგენდებს (ალან პარასტაევის არასერიოზული ბლოგი)

სავსებით შესაძლებელი იყო, ჩემთვის იოსიფი დაერქმიათ, მაგრამ ოჯახში, სადაც უფროსი თაობის უმეტესი ნაწილი რეპრესიებს შეეწირა, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ოჯახური ლეგენდა გვაუწყებს, რომ ჩემი დაბადების დღეს, ნამდვილ დაბადების დღეს, ანუ იმ დღეს, როდესაც მე დავიბადე 1969 წელს, ჩამოსულა იოსიფი, ჯერ კიდევ არა ნობელიანტი, მაგრამ უკვე ბროდსკი. იოსიფი დეიდაჩემის, დიანა აბაევა - მაიერსის, უახლოეს მეგობარი გახლდათ მთელი ცხოვრების მანძილზე. იგი ისევე, როგორც დიდი პოეტი, სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც გახდა ლონდონის უნივერსიტეტის „სლავონიკ სქულის“ ფაკულტეტის პროფესორი, ჩემთვის კი დარჩა უბრალოდ ლიალია (Ляля).



არ ვიცი, რით დავიმსახურე მაშინ ასეთი პატივი. რა თქმა უნდა, ბროდსკი მაშინ მხოლოდ პოეზიის ჭეშმარიტი მოყვარულებისთვის იყო ცნობილი, პრაქტიკულად არ იბეჭდებოდა და არ გამოიცემოდა, მაგრამ თვითონ ხომ იცოდა, რომ გენიალური იყო. თუ დავუმატებთ იმასაც, რომ არსად არ მუშაობდა და ამის გამო განსასჯელთა სკამზეც აღმოჩნდა, ფინანსურად მისთვის საკმაოდ რთული უნდა ყოფილიყო მაშინ ჯერ კიდევ ლენინგრადიდან თბილისში მოხვედრა. მიუხედავად ამისა, დიდი პოეტი იდგა სამშობიაროს ფანჯრების ქვეშ და ელოდა, როდის აჩვენებდნენ ჩემ თავს - მას, ბებიაჩემს ჩემ ძმასთან ერთად და მთელ მსოფლიოს. ეს გარემოება ზრდიდა ჩემს ისედაც არცთუ დაბალ თვითშეფასებას იმის და მიხედვით, როგორ იხვეჭდა ბროდსკი სახელს. მე, ამ ნიადაგზე მისი, ალბათ, ყველაზე ცნობილი ლექსიდან, ერთი სტროფის ჩემეული ახსნა მოვიფიქრე:


მე შევსულვარ გალიაში გარეული მხეცის ნაცვლად,

და „კლიკუხა“ “სროკთან” ერთად გამომიწვავს ბარაკში,

ვთამაშობდი რულეტკას და მიცხოვრია ღია ზღვასთან,

და ეშმაკმა უწყის, ვისთან ვსადილობდი მე ფრაკში.

მე ვიხილე მყინვარიდან ნახევარი მსოფლიო და

სამჯერ წყალში ვიხრჩობოდი, გამომფატრეს ორჯერაც...


ტექსტში ყველაფერი გასაგებია, გარდა ერთი ეპიზოდისა, ანუ გასაგებია, როგორ ხვდებოდა პოეტი ადგილებში, რომელსაც ახსენებს - მყინვარის გარდა. მე გადავქექე პოეტის ყველა ხელმისაწვდომი ბიოგრაფია და ვერსად ვერ მივაგენი იმის მოწმობას, რომ ის მთაში დადიოდა. თუმცა მე ვიცი ასეთი ფაქტის შესახებ და ისიც ვიცი, რატომ არ არის იგი ნახსენები ბიოგრაფიებში. საქმე ის გახლავთ, რომ მამაჩემი, გარდა იმისა, რომ გახლდათ მაღალი კლასის უროლოგი, ქირურგი, არანაკლებად აფასებდა მთას, სადაც უჩინარდებოდა ოჯახისაგან და პაციენტებისაგან თავისუფალ ნებისმიერ წამს. ბროდსკი, რომელსაც სამკურნალო არაფერი სჭირდა, სავარაუდოდ, მან წაიყვანა მთაში, ხოლო ადამიანისთვის, რომელსაც მთა არასოდეს ენახა, ჩვენი საგვარეულო სოფელ ხვცეს მაღლობიდან ჯავის ხეობის ხილვა „მყინვარის წვერიდან“ ნახევარი მსოფლიოს ხილვის ტოლფასი იყო. მე ზუსტად ვიცი, რომ მამა და იოსიფი ერთად მოგზაურობდნენ, რადგან მამა ღიმილით, მაგრამ გულწრფელი პატივისცემით, ხშირად მიამბობდა, რომ მისი მეგზური ნამდვილი მოხეტიალესავით იყო ჩაცმული, ზურგჩანთამოკიდებული, სადაც ყოველთვის მოინახებოდა წასახემსებელიც და დასალევიც. თუ რატომ არ გახდა ცნობილი ეს ფაქტი ფართო საზოგადოებისთვის -. ესეც ადვილი ასახსნელია. მამა, გარდა იმისა, რომ იყო სამხრეთ ოსეთის ა/ო წამყვანი უროლოგი, იყო, აგრეთვე, საავამდყოფოს პარტორგი. ეს მისია ძლიერ ამძიმებდა, ფინანსურადაც, რადგან უხდებოდა საწევროს გადახდა. ხოლო პარტიული მდგომარეობის გამოყენება თუნდაც მე-III გილდიის ვაჭრის შთამომავალს მაინც არ ეხერხებოდა, ისევე, როგორც არ ეხერხებოდა მეგობრების ღალატი. პარტორგის თანამდებობაზე იგი მისმა მეგობარმა, მაშინდელმა საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა, ფელიქს სანაკოევმა წარადგინა. ურთიერთობა, როგორც მაშინ იტყოდნენ, დევნილ, ნასამართლებ პოეტთან, უეჭველად იქცეოდა მისი პარტორგის თანამდებობიდან გადაყენების საბაბად. ინალ ალექსანდრეს ძეს მხოლოდ ხელს აძლევდა ასეთი პერსპექტივა - რომ აღარ ყოფილიყო ექიმების პარტიული წინამძღოლი, მაგრამ არა ასეთი გზით. შეუძლებელია, რომ ეს არ სცოდნოდა ასეთ დახვეწილ ნატურას, რომელიც კარგად იცნობდა საბჭოეთში გამეფებულ, უფრო სწორედ, “გათავმჯდომარეოებულ” ჩვეულებებს. ვფიქრობ, იყო ურთიერთშეთახმება, რომ არსად გაემხილათ ქირურგი - პარტორგისა და დისიდენტ - მუქთახორის მთაში ლაშქრობის ამბავი.


მაგრამ დავუბრუნდეთ უშუალოდ ჩემ დაბადების დღეს და თანამედროვეობის უდიდესი პოეტის იქ ყოფნით გამოწვეულ სიამაყეს. ახლახანს წავიკითხე, რომ ბროდსკი საქართველოს სსრ-ში ჩამოსულა არა ჩემს გამო, არამედ ქართველის, და არა ახალშობილის, არამედ, რა თქმა უნდა, პოეტის, ოთარ ჭილაძის გამო. სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“ - ს საიტზე (ვინ იფიქრებდა მეგობრული „სპუტნიკის“ მხრიდან ზურგში ასეთი ლახვრის ჩასობას), ანასტასია შრაიდერი წერს ჭილაძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ბროდსკი იყო საქართველოში მხოლოდ ერთხელ. მხოლოდ ერთი დღით. ეს იყო სამოციანების ბოლოს, იყო ზამთარი, იყო თოვლი, და ის ჩამოვიდა თბილისში საკუთარი ინიციატივით. მან მაშინ უკვე თარგმნა ოთარ ჭილაძის ერთი ლექსი „გამომშვიდობება“, მან თქვა, რომ „უნდოდა ენახა და გაეგო როგორები ვართ“, იხსენებდა ქართველი მწერალი.


უეჭველია, იგულისხმება პოეტის სწორედ ის ვიზიტი, რადგან 60-იანების ბოლოა, ზამთარი, და ესოდენ თბილისისთვის იშვიათი თოვლი. თანხვედრა და შეცდომა გამორიცხულია. თუმცა, შეიძლება ჭილაძესთანაც იყო უჩუმარი მოლაპარაკება, არ განევრცოთ, კიდევ სად და რისთვის იყო ბროდსკი. ან იოსიფმა უბრალოდ არ უამბო ქართველ კოლეგებს იმის შესახებ, რომ ჩემი დედიკო, ზარა აბიანი, მოინახულა.


ესეც ბროდსკის წერილი, როგორც ამ ამბის დასტური!


საყვარელო ზარა

ლიალია (Ляля) მეუბნებოდა, რომ სადღაც მთაში (არა თვით ცხინვალში, თუ სწორად გავიგე) აბაევების საგვარეულოს აქვს რაღაც სახლის მაგვარი, ქოხი, სადაც შეიძლება გარკვეულ ხანს არსებობა, პროდუქტების მომარაგებით ანდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტით.

მე შესაძლებლობა მომეცა გავატარო სამხრეთში 2-3 თვე. ერთ მათგანს - იანვარს - ალბათ, იალტაში ვიქნები. რას მეტყოდით, დეკემბრის ან თებერვლის თვეში საქართველოში, მთაში, ყველასაგან და ყველაფრისგან მოწყვეტით ცხოვრების შესაძლებლობაზე?


არ მინდა დაგტვირთოთ ამ ყველაფრის გარკვევითა და ორგანიზებით. ამიტომ, თუ თქვენთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, ორი სიტყვით მომწერეთ, რა არის თქვენთვის ცნობილი ზემოდ თქმულთან დაკავშირებით. ლენინგრადში ვიქნები ნოენბრის ბოლომდე.


მაპატიეთ, რომ არ გადაგიხადეთ მადლობა ხილისთვის, მე ის უბრალოდ შევჭამე.


თქვენი იოსიფი




6 views