• ირინე გოჩაშვილი

უეკლო ვარდების მეჯლისი

Updated: Aug 20, 2021

ვლადიმერ ხეთაგუროვი


წინაპრების სადღეგრძელოს როცა ვსვამთ, ნაკლებად ვფიქრობთ მათ პიროვნულ ღირსებებზე. თითქოს მექანიკურად ვამბობთ: ჩვენს ბებიებს და პაპებს მარადი ხსოვნა! როგორები იყვნენ ისინი, გვირფიქრია ამაზე? ან როგორები ვიქნებით მომავალში თავად ჩვენ, ჩვენი შვილიშვილებისთვის, შვილთაშვილიშვილებისთვის?

ამ თვალსაზრისით ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი, რადგან ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომელშიც ფიქრს გვასწავლიდნენ. ამჟამად შევჩერდები ჩემი სახელოვანი პაპის - ვლადიმერ ხეთაგუროვის შესახებ ხსოვნაში ჩარჩენილ მომენტებზე. იგი სახელგანთქმული მოცეკვავე იყო - სუხიშვილების ანსამბლის პირველი თაობა. 1935 წელს ინგლისში, ისევე როგორც ილიკო სუხიშვილმა, მანაც ოქროს მედალი დაიმსახურა. უამრავი მასალაა ჩვენს ოჯახში შემორჩენილი მისი შემოქმედების შესახებ - გაზეთები, ჟურნალები, წერილები, წიგნები, მოგონებები, ფოტომასალა. საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მისთვის იგივე იყო, რაც ყოველდღიური თავგანწირვისთვის მზადყოფნა. დიახ, იგი თავგანწირული პიროვნება იყო, რადგან მისთვის საზოგადოებრივი საქმიანობის გარდა, თითოეული ადამიანის განცდები სულერთი არასოდეს ყოფილა. ცეკვის პარალელურად, იგი ხელოვნების განხრით, ბევრ სასარგებლო საქმეს ეჭიდებოდა. თავად სცენა მალე მიატოვა, მაგრამ ხელოვანებზე ზრუნვა არ შეუწყვეტია.


ისტორია ყველაზე სანდო მსაჯულია და მის დამსახურებას მომავალში ალბათ, უფრო უკეთ შეაფასებენ. მე მხოლოდ ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, რაც სამუდამოდ დამამახსოვრდა. პაპამ ცხინვალში, თავის დედისეულ სახლის ბაღში გამასეირნა, მიყვებოდა ყვავილებისა და ბალახების ფიქრებზე. 6 წლის ბავშვისთვის არც ისე ადვილი იყო ამის გაგება, მაგრამ იგი ისე ლამაზად ლაპარაკობდა, რომ გაოცებული ვუსმენდი. მერე მითხრა: ხომ ხედავ ამ ლამაზ ვარდებს რამდენი ეკალი აქვს - ნახე,თითს დავაჭერ, სისხლი გამომივა და არ შეგეშინდესო. მართლაც დააჭირა და მერე სისხლიანი თითი მიჩვენა. მე უნებურად ვაკოცე თითზე. მას ჯერ გაოცებისგან გაუფართოვდა დიდი მწვანე თვალები, მერე კი ცრემლი მოერია და გულში ჩამიკრა, - შეხედე,ახლა ეკლებს დავაცლი და ვეღარ გიჩხვლეტენ - მითხრა და გულდასმით შეუდგა ეკლების მოცილებას. მერე უეკლო ვარდები გამომიწოდა. ვარდებს ცაში ვისროდით, ვცეკვავდით და ბედნიერები ვიყავით... ეს იყო უეკლო ვარდების მეჯლისი.


ლამაზი გოგო ხარ - მითხრა პაპამ - აი ამ ვარდებივით ლამაზი, მაგრამ როცა გაიზრდები, შენ თვითონ უნდა მოიშორო ეკლები, რადგან ამას შენს გარდა ვერვინ გააკეთებს!


მე არ ვიცი ვახერხებ თუ რა ჩემს სულში ეკლების მოშორებას, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ვარდს მართლა ვერ მოკრეფ ეკლების გარეშე და თუ ვარდების ლამაზ მეჯლისზე ეკლების შიშით არავინ მოვა, „მარტო დარჩები ვარდების ბაღში“.


ცეკვისა და უეკლო ვარდების მეჯლისის რეჟისორი ვლადიმერ ხეთაგუროვი ჩემი პაპა იყო... ბაბუას დასავლეთ საქართველოში ამბობენ, ჩვენთან, კი, ნამდვილ ქართლში, სამაჩაბლოში, ის ჩემთვის ვარდების, გაზაფხულისა და თოვლის უკეთილშობილეს პაპად დარჩება!!!








8 views