• ალექსანდრე პლიევი

ძველი ცხინვალის მძიმე აწმყო

ცხინვალის სიმბოლოს - ძველი ხიდის რეკონსტრუქცია შეუძლებელია, ამიტომ ის უნდა დაინგრეს და ახალი ხიდი აშენდეს. ასეთი ვერდიქტი გამოუტანეს საუკუნეზე მეტი ხნის წინ აშენებულ ამ უნიკალურ კონსტრუქციას სამხრეთ ოსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში.



ხიდი უკვე რამდენიმე წელია ავარიულადაა მიჩნეული და მასზე დიდი გაბარიტების ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია.


მშენებლობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ძველი ხიდის რემონტი და აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ იგეგმება მისი დანგრევა და ახალი ხიდის აშენება. უწყების ხელმძღვანელის ედუარდ ძაგოევის განმარტებით, „ვიდრე სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით საინვესტიციო პროგრამები ხორციელდება და არსებბობს რესურსები, უნდა აშენდეს ახალი ხიდი, რადგან ასეთი შესაძლებლობა მომავალში ალბათ აღარ იქნება“. ახალი ხიდი რკინაბეტონის იქნება და მას მაქსიმალურად მიამსგავსებენ წინამორბედს. ასევე, ხელისუფლება არ განიხილავს ამ ხიდის საფეხმავლოდ გადაკეთებისა და სხვა ადგილას ახალი ხიდის აშენების შესაძლებლობას, რასაც ცხინვალის მოსახლეობა ითხოვს. ახალი ხიდი უნდა აშენდეს ძველის ადგილას - ასეთი ხელისუფლების შეუვალი პოზიცია, რის შედგადაც კულტურული მემკვიდრეობის მორიგი ძეგლი შეწყვეტს არსებობას ცხინვალში


ამასთან, არ არსებობს ექსპერტიზის რამე საჯარო დასკვა, სადაც საუბარი იქნებოდა, რომ ხიდის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებამ ცხინვალის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგი ამაში კორუფციის და მასშტაბური მშენებლობიდან „ხელის მოთბობის“ ნიშნებს ხედავს, ზოგი კი ამას პასუხისმგებელ პირთა არაკომპეტენტურობას მიაწერს.


გაზეთ „რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორი ანდრეი კოჩიევი მიიჩნევს, რომ ხიდის დანგრევა დაუშვებელია. „რატომ არ განიხილება ეს საკითხი მერიასთან არსებულ კომისიაზე, რომლის წევრიც მეც ვარ. რატომ იღებენ გადაწყვეტილებას შეუთანხმებლად? ქალაქის იერსახესთან და ისტორიასთან დაკავშირებული ობიექტის დანგრევა დაუშვებელია. ხიდი კიდევ მრავალ წელს გაძლებს და ის შენარჩუნებული უნდა იქნას, თუნდაც საფეხმავლო ვარიანტით, როგორც ეს ევროპაშია! ხოლო ახალი სატრანსპორტო ხიდი სხვაგან უნდა აშენდეს“, აცხადებს ის. ხიდის დანგრევას საბჭოთა პერიოდშიც აპირებდნენ, თუმცა მაშინ ეს გადაწყვეტილება ქალაქის მოსახლეობის თხოვნით შეიცვალა.

„რატომ ვცდილობთ იმის მოსპობას, რაც ჩვენს წინაპრებს დიდი წვალებით აქვთ ნაშენები საკმაოდ რთულ პერიოდში? ისპობა ქალაქის კოლორიტი და იგი სრულიად უსახურად იქცევა მალე. რას ვუტოვებთ შთამომავლობას, მხოლოდ ახალ აშენებულ სასტუმროს თეატრს, უნივერსიტეტს? და როდესაც გვკითხავენ სად არის ჩვენი ისტორია, რას ვუპასუხებთ?“, წერენ სოციალურ ქსელებში ცხინვალელი მომხმარებლები.




ცხინვალის ძველი ხიდი მე-20 საუკუნის დასაწისში, სავარაუდოდ 1903-1910 წლებში აშენდა.


2019 წელს ცხინვალში დაანგრიეს მე-19 საუკუნის შენობა, სადაც საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საოლქო აღმასრულებელი კომიტეტი. ძეგლებისა და კულტურული ობიექტების დაცვის სამსახურის უფროსმა ნელი ტაბუევა აცხადებს, რომ მისთვის ამ უნიკალური შენობის დანგრევის შესახებ აზრი არავის უკითხავს, არ ყოფილა დაცული არანაირი პროცედურა და, შესაბამისად, ასეთი ქმედებები უკანონოა.



თითქმის მთლიანად არის განადგურებული ძველ ცხინვალში მდებარე ებრაული უბანი. ებრაელების მიგრაციამ, სამხედრო კონფლიქტმა და უყურადღებობამ ამ ისტორიულ უბანში პრაქტიკულად ყველა შენობა ექსპლუატაციისათვის უვარგისად აქცია.


მე-20 საუკუნის დასაწყისში ცხინვალში უფრო მეტი ებრაელი ცხოვრობდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენელი. ებრაელები ეწეოდნენ ხელნაკეთობების დამზადებასა და ვაჭრობას, ფლობდნენ აგურის ქარხანასა და სხვა საწარმოებს. ასევე ებრაელები იყვნენ ცხინვალის ფეხსაცმლის მწარმოებლები, ამზადებდნენ ქუდებს. ჰქონდათ თავიანთი თონეები და სამკერვალო დაწესებულებები.


ამჟამად ეს უბანი მთლიანად ამორტიზებულია და საფრთხეს უქმნის გამვლელებს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება შენობების კედლები ჩამოიშალოს. ძეგლებისა და კულტურული ობიექტების დაცვის სამსახურის უფროსი ნელი ტაბუევა ითხოვს, რომ ქალაქის მერიამ ამ უბნის კონსერვაციასა და შენობების შემოღობვაზე იზრუნოს, რათა ქალაქის ისტორიული ნაწილი მთლიანად არ მოისპოს.


ცხინვალის სამშენებლო უწყების ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რაც დღეს სამხრეთ ოსეთს გააჩნია, ქალაქის ძველი უბანის აღდგენა შეუძლებელია. „ძველი ცხინვალი ბულდოზერით უნდა მოსწორდეს“, ეს მისი საზოგადოებაში უკვე ფართოდ გავრცელებული ფრაზაა.


ნებისმიერ თანამედროვე ქალაქში მისი ისტორიული ნაწილი სიამაყის და განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. ჩვენთან კი მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში ძველი ცხინვალიდან აღარაფერი დარჩება, რადგან იგი თანმიმდევრულად ინგრევა გულგრულობისა და მავნებლობის გამო.


7 views