• Nino Bendianishvili & Giorgi Zanguri

წერილები საზღვრებს მიღმა I

ალან, გამარჯობა!

ორი თვე გავიდა უკვე ომიდან და ჯერ კიდევ ყველაფერი ქაოსითაა მოცული. შენ აქ არ ხარ, მე კი ჯერ კიდევ მეშინია მომავლის.

არ ვიცი როგორ ხარ, ან სად ხარ. იმედია მამა დაგიცავს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ვიცი ვის, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ამ წერილს მამასთან გამოვატან და იმედს დავიტოვებ რომ ოდესმე მიპასუხებ.

ნეტავ ჩვენც დავეცავით მამას. წავიდა, დაგვტოვა, მისმა თანამოძმეებმა კი ჩვენი სახლი გაანადგურეს.

რომ წახვედი მეორე დღეს დედასთან მოვიდნენ და ვლადიკავკაზში გადაყვანას გვიპირებდნენ,

დედამ უარი უთხრა, არ დავტოვებ მე სახლსო. ცრემლი კი ერეოდა თვალებზე, მაგრამ მაინც მყარად იდგა და ძლიერად მიჭერდა ხელს ხელზე. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ტიროდა და თან მეხვეწებოდა გავყოლოდი უცხო კაცებს, რადგან იქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი. მე კი არ ვიცოდი რას ნიშნავდა “საფრთხე” ან “ომი”, შემეშინდა და დედასთან დარჩენა გადავწყვიტე.

დაღამდა და საშინელმა ხმაურმა ყველა პანიკაში ჩააგდო. ხალხი ჯერ უმისამართოდ ასკდებოდა ყველაფერს, რაც გადასარჩენად სჭირდებოდათ, მერე ერთდროულად რაღაც ბნელი ადგილისკენ დაიძრნენ, “ბუნკერს” ეძახდნენ. მე და დედამაც მათ მივბაძეთ. ალბათ, ასეთი საშინელი და გრძელი ღამე არც არასდროს გამოგვივლია აქამდე და იმედია არც შემდეგ იქნება. დედა აცახცახებული ხელებით გულში მიკრავდა და თავგამოდებით ლოცულობდა. დროის შეგრძნება თითქოს ყველას დაეკარგა, არც სინათლე შემოდიოდა არსაიდან და არც არანაირი ნიშანწყალი ჩანდა მშვიდობისა. ამდენი შეშინებული ადამიანი ერთად არასდროს მინახავს, ყოველი აფეთქების ხმას ათობით ბავშვის ხმამაღალი ტირილის ხმა ანაცვლებდა, მეც ყოველ ჯერზე სიკვდილის შიში მიტევდა და უფრო და უფრო ღრმად ვეკვრებოდი დედას გულში.

ყველაფერმა რომ გადაიარა, სახლისკენ დავიძარით, იმის იმედით, რომ რამე მაინც იყო მისგან დარჩენილი, მაგრამ ბოლომდე მიწასთან გასწორებული დაგვხვდა. ბიძაჩვენის ჩამოტანილი „მონოპოლია“ დავინახე ნანგრევებქვეშ, ასე ძალიან რომ გვიყვარდა და წამოვიღე.

ჩვენი სახლისგან მხოლოდ „მონოპოლიაღა“ შემორჩა და ის მოგონებები, ყოველ ღამე ძილის წინ თავის გასართობად და ცოტა ხნით მაინც გასაბედნიერებლად რომ ვიხსენებ.

დეიდასთან წავედით თავის შესაფარებლად და უკვე ორი თვეა აქ ვართ. საქართველოს და ქართველების ხსენებაც კი ყველას ზიზღს ჰგვრის და შენზეც ბევრჯერ გამიგია აგდებით წამოსროლილი ფრაზა. ისიც გამიგია, ქართველების ყაიდაზე არ წავიდეს და არ ჩამოშორდეს ნამდვილ ფესვებსო, ისიც გამიგია, მამა გონებას ამოუტრიალებს და შეაძულებს აქაურებსო. კი გაბრაზებული ვარ მამაზე, მაგრამ ვიცი რომ ცუდი ადამიანი არ არის, უყვარხარ და შენ მაინც მოგიფრთხილდება, ახლა კი არ მომწონს რაც ხდება ჩემს გარშემო. ერთხელ ვეჩხუბე კიდეც ყველას სახლში, ალანის ბრალი არაფერია თქო, მაგრამ ჩემი სიტყვა პატარა ბავშვის ლაქლაქად მიიჩნიეს და დამსაჯეს. ახლაც “შინაპატიმრობაში” ოთახში ვარ გამოკეტილი და გწერ, იმიტომ რომ მომენატრე და შენი ამბავიც მაინტერესებს, ჯერ კიდევ ვერ გადავხარშე რაც ბოლო დროს მოხდა და ალბათ დიდ დროსაც წაიღებს იმ იარების მონელება, მაგრამ შენ გარეშე მართლა ძალიან მიჭირს. თითქოს აღარავის ესმის ჩემი და ჯერ კიდევ ომის ციებცხელებით გადაქანცულ ცხინვალში სრულიად მარტო ვარ. წერილს თუ მართლა მიიღებ, გთხოვ, როგორმე უკან პასუხიც გამოგზავნე, ამ ყველაფრის შენთვის გაზიარება მართლა ძალიან მინდოდა და შენთანაც უზომოდ მაინტერესებს რა ხდება, როგორ შეეგუე ასეთ უცხო გარემოში ცხოვრებას. ხო, მამაც მომიკითხე.

შეხვედრამდე,

სიყვარულით შენი სორეია


არც კი მჯერა ახლა ამას რომ ვწერ, როგორც იქნა ბოლო მოეღო ჩემს დაუსრულებელ ნერვიულობას და გათენებულ ღამეებს. სიხარულისგან ვტირი, უბრალოდ მიხარია, რომ ცოცხლები ხართ, არ ინერვიულო არც სახლზე და არც ჩვენზე, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ დანარჩენი ყველაფერი გამოსწორებადია. გეფიცები, ლამის 3 თვეა ნორმალურად არ მიძინია, ყოველ ღამე თქვენზე ვნერვიულობდი და თვალს თუ მოვატყუებდი ხოლმე 3-4 საათით…

გაოცებული ვარ შენი მოხერხებულობით, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემზე ჭკვიანი იყავი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ თბილისელ წითელი ჯვრის თანამშრომელს იპოვიდი და მას გამოატანდი წერილს, დიმიტრი მქვიაო ასე მითხრა, დილით ჩქარა გადმომცა წერილი და მერე სადღაც გაიქცა, მე კი, ისევ ღამენათევვმა, ვერც კი შევძელი მომხდარის გაანალიზება. წერილზე თავისი საკონტაქტო ნომერიც მიუწერია, მომავალშიც დაგეხმარებიო. არ ვიცი სორეია… ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში იმდენი სისასტიკე ვნახე, მგონი, პირველი ადამიანია, რომელსაც შემიძლია თამამად ვუწოდო ადამიანი… მაგრამ არა უშავს, გადავიტანთ, ძლიერები უნდა ვიყოთ, ახლა კი მეც მოგიყვები რა და როგორ მოხდა ჩვენთან.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩვენმა ტელევიზორმა დაიწყო გაჭედვა, მამაჩემმა “თეფშების” გასწორება სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, არც ინტერნეტი მუშაობდა, ტელეფონის ხაზებიც გადატვირთული იყო, ალბათ, არც არაფერს ვიეჭვებდით, ჩვენი მეზობლის, ლამარა დეიდას შვილი რომ არ დაგვკავშირებოდა და ეთქვა ომი იწყებაო… მეც შენის მსგავსი რეაქცია მქონდა, ვერ გამეგო რას ნიშნავდა ომი, რატომ ჩავარდა ყველა პანიკაში და რატომ შეიცვალა მამას მუდმივად მომღიმარი სახე რაღაც რობოტისებრით…

შემდეგ ყველაფერი ჩქარა მოხდა, ყველა არხზე ტანკებს აჩვენებდნენ, დაბომბილ ქალაქებს და ქუჩებს, მერე ვიღაც კაცები ჩამოფრინდნენ ევროპიდან და ქუჩაში ხელჩაკიდებულები დადგნენ, მამამ პრეზიდენტები არიანო, არ ვიცი, მაგრამ მამაცები იყვნენ. მოკლედ, სრული ქაოსი იყო, ყველაფერი ისე დაიწყო და მორჩა, რომ რაღაც კოშმარული სიზმარი გეგონებოდა ადამიანს, მაგრამ ძალიან ვცდებოდი როცა მეგონა რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ვერ გეტყვი რატომ, მაგრამ ყველა, ვინც ჩემი წარმომავლობის შესაცებ იცის, ისეთი თვალით მიყურებს, რომ თავი პუტინი მგონია, თითქოს მე დავიწყე ომი და მე დავხოცე ბიჭები და სკოლაში კიდევ… არაფერი, გამოსწორდება ყველაფერი, თქვენც არ გაქვთ ცოტა პრობლემა, ჩემები რომ ზევიდან არ დაგიმატოთ.

უზომოდ მენატრებით, ბებოს გაკეთებულ ჩურჩხელებს გამოვატან დიმიტრის, შენ რომ გიყვარს ისეთებია, თხილის გულით… დედას ჩემს მაგივრად ძლიერად ჩაეხუტე და აკოცე, უზომოდ მენატრებით და რომ გვეგონა, რომ მამა არაფერს გრძნობდა დედას მიმართ, შევცდით, იმ დღეს ნასვამზე მითხრა მენატრებაო. იმედია შენი სასკოლო ცხოვრება ჩემსაზე უკეთესია. კიდევ ერთხელ, უზომოდ მენატრებით და მიყვარხართ, იმედია ყველაფერი მალე მორჩება და ახალწელს მაინც ერთად შევხვდებთ…

სიყვარულით, ალანი…