• Nino Bendianishvili & Giorgi Zanguri

წერილები საზღვრებს მიღმა II

როგორ მიხარია, რომ ჩვენ მიერ მოფიქრებულმა “გეგმამ” გაამართლა და ერთმანეთთან ლაპარაკი რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც შეგვიძლია. დიმიტრის მადლობა, რომ ასე გვეხმარება სრულიად უცხო ხალხს. უზომოდ მომენატრეთ ყველა, ბებოსაც გადაეცი, რომ ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს რომ მალე მოგვინახულებთ. ვიცი, რთულია მისთვის ახლა უცბად გარემოს შეცვლა და მეც ძალიან მომენატრა, მაგრამ მამასთან ერთად უკეთ იქნება.


ჩვენთან უკეთაა ყველაფერი, რუსეთის მთავრობა შეგვპირდა სახლის აღდგენას და ძალიან მიხარია. მგონი, არც ისეთი ცუდები არიან, როგორიც გვეგონა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოსგან განსხვავებით ზიანის ნაცვლად მხოლოდ კარგი მოაქვთ ჩვენთვის. სასწავლო წელმა ნორმალურად ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

ზაფხულის ცხელ დღეებში დროის გასაყვანად მე და დედა ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე. სხვათაშორის, მისი და მამას გაცნობის ისტორია მომიყვა და მინდა შენც იცოდე.

თურმე, წლების წინ, მამა თბილისში ცხოვრობდა და ცხინვალში იმის გამო ჩასულა, რომ ბაბუ საწოლად ჩავარდა. მძიმედ იყო და ბებოს მის მოვლაში დახმარება სჭირდებოდა. ბოლო რამდენიმე კვირა რომელ საავადმყოფოშიც იწვა, დედა იქ მუშაობდა ექთნად და მამა რომ გაუცნია, მაშინვე უგრძვნია, “განსაკუთრებული” იყოო. ძალიან დაახლოებულან იმ პერიოდში, დედა სულ გვერდში ედგა, ყველაზე მძიმე წუთებში უდიდესი თანადგომა და ყურადღება გამოუჩენია და ძალიან შეყვარებიათ ერთმანეთი. მამას თბილისში სამსახურის დათმობა და ცხინვალში დარჩენა გადაუწყვეტია ამის გამო...

მერე ნიშნობა...

აქაური ტრადიციული, მხიარული ქორწილი...

მერე ჩვენც გავჩნდით...

მაგრამ, ენატრებოდა მამას მეგობრები, სანუკვარი სამსახური, თბილისი… ბევრი რამის დათმობა მოუწია და სულ შიგნიდან ღრღნიდა ეს ნოსტალგია. არ ვიცი რა ქალაქია ასეთი, მაგრამ საოცარი მონატრება სცოდნია თურმე.

მამაც წავიდა.

არ ვიცი, ვბრაზდები ზოგჯერ, მაგრამ რთულია დათმო ყველაფერი, რასაც ბავშვობიდანვე ხედავ, ეჩვევი და გიყვარდება. ამიტომ მესმის, და მიყვარს მამა. ძალიან მინდა დაბრუნდეს. იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

ზოგჯერ მაინტერესებს, როგორია დიდ ქალაქში ცხოვრება, ფართო, მანქანებით გადავსებული ქუჩები და სწრაფი ცხოვრების რიტმი. დედა თბილისში წამოყვანას კი

მპირდებოდა ადრე, მაგრამ ვეღარ მოვახერხებთ. ბოლოს რომ ვკითხე, მითხრა პეტერბურგში წავიდეთ ოდესმეო. პეტერბურგიც მაინტერესებს.


აი ჰო, დედამ ჩვენი წერილების ამბავზე რომ გაიგო ძალიან გაუხარდა და მოკითხვა გადმოგცა, ძალიან ენატრები და იმედი აქვს, რომ მალე ჩამოხვალ. ზოგჯერ მგონია, რომ ეშინია კიდეც მანდ რო ხარ, ტვინს აურევენ და ჩვენ თავს შეაძულებენო, ასე ამბობს. მე არ ვიცი უნდა დავუჯერო თუ არა, მაგრამ ის კი ვიცი, სულ გეყვარებით და არასდროს დაგვივიწყებ.

შენი სკოლის ამბები ძალიან მაინტერესებს და მოუთმენლად ველი შენგან პასუხს.

მიყვარხარ, სორეია


*** გამარჯობა, სორეია. დღეს დილით დიმიტრიმ ისევ გამახარა შენი წერილით, ბებოსაც გაუხარდა შენგან მოკითხვა და დიდი ხანიც იტირა, მერე დიდხანს გლოცათ და წუთისოფელი წყევლა. შენც კარგად იცი როგორია და რა ამბავს ატეხდა, როგორც იქნა დავაწყნარე. თუ გგონია, რომ ოდნავ უემოციოდ ვწერ, არ გაგიკვირდეს, რამდენიმე არასასიამოვნო ფრაზა ამოვიკითხე და მინდა სერიოზულად დაგელაპარაკო, მიხარია იმედით რომ ხართ, მაგრამ დიდად არ ენდოთ რუსეთის მთავრობას, მესმის, რომ თავის თავს როგორც მხსნელებს ისე გიხატავენ, მაგრამ, როგორ ვთქვა… მაგათი სახლის იმედზე და ზოგადად მაგათ იმედზე გთხოვთ, არ დარჩეთ. აუცილებლად გქონდეთ სათადარიგო გეგმა, ვიმეორებ, აუცილებლად! რაც შეეხება ტვინის არევასა და შეძულებას, არ ვიცი რა ვთქვა.. ტელევიზორში გაიხედები და ყოველი მეორე გაიძახის ოსები ჩვენი ძმები არიან და ყველაფერი რუსეთის მანიპულაციის ბრალიაო, თითქოს, მთელი ქვეყანა ერთსულოვნად, ხელგაშლილი ელოდება “ოსეთის” დაბრუნებას, მაგრამ რეალურად ყველაფერი რთულადაა, არ ვიცი როგორ ვთქვა, სკოლაშიც და ეზოშიც ყველაფერი კარგად იყო, ჩვეულებრივად მიღებდნენ, მემეგობრებოდნენ, მაგრამ საკმარისი იყო მეხსენებინა ჩემი წარმომავლობა, ყველაფერი რადიკალურად იცვლებოდა, რეალურად პრობლემა არც ჩანდა, უბრალოდ მშორდებოდნენ ბავშვები. სიმართლე რომ გითხრა, ამ ყველაფერს ჩემს ხასიათს დავაბრალებდი ერთ დღეს სკოლის ბუფეტში შემთხვევით რომ არ მომეკრა ყური, როგორ მეძახიან ზურგს უკან მოღალატე ოსს… ძალიან მიჭირს, ძალიან, მაგრამ ამავდროულად იმდენი კარგი ხალხია, რომ არ მიკვირს მამაჩემის ლტოლვა თბილისისკენ. ვიცი, გიკვირს ალბათ, მაგრამ მამაჩემის სამეგობრო, მათი შვილები, ჩვენი ნათესავები, სულ სხვა კატეგორიის ხალხია, მათგან მხოლოდ გვერდში დგომასა და სიყვარულს ვგრძნობ. მგონი, ხალხის ასეთი მრავალფეროვნებაც თბილისის თავისებური ხიბლია, რომ აღარაფერი

ვთქვათ უფრო მრავალფეროვან არქიტექტურაზე. გეუბნები, მართლაც გასაოცარია, ერთ მხარეს გაიხედავ და თანამედროვე, ევროპული შენობები დგას, მეორე მხარე საბჭოთა კავშირის დროინდელი უსიცოცხლო შენობები, იქით ეკლესიები და სალოცავები, აქეთ აღმოსავლური აბანოები და იმის გვერდით ევროპული ჩუქურთმები და ძველი თბილისი… მართლაც სასწაულია. ხო, სკოლაზე რაც უნდა მეთქვა გითხარი მგონი - მეგობრებს ვერ ვპოულობ და მიჭირს… სწავლითაც მივყვები მასალას, ქართული მიჭირს ერთადერთი. რაიმე საკითზე


თუ ვერ გაგეცი პასუხი, ბოდიში, საახალწლო სამზადისში ვართ, სრული ქაოსია, თითქოს სტუმრებს არ ველოდებით, მაგრამ ბებიაჩემი ორი დღეა სამზადისშია. რა აღარ გააკეთა: საცივი, ლობიანი, ხაჭაპური, ჩურჩხელები, გოზინაყი, ტოლმა და უამრავი ჭრელი სალათი, რომლების სახელებიც კი არ ვიცი, მაგრამ ერთი რამის თქმა დაზუსტებით შემიძლია, ყველაფერი უგემრიელესია!

ნეტავ თქვენც აქ იყოთ და ერთად ვხვდებოდეთ ახალწელს, ძალიან მინდა. ჰო, მამას წავუკითხე შენი წერილი და გაცნობის ამბავზე, გაეცინა და ასე მითხრა დედას უთხრას კენჭის ამბავი არ დამვიწყებიაო, არ ჩაეკითხო, ალბათ, რამე პირადულია, ვეხვეწე და არ მომიყვა. ხო, კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს რამე თუ დამრჩა პასუხგაუცემელი, ბებო ათას რაღაცას მავალებს. ველოდები თქვენს სააახალწლო ამბებს. მიყვარხართ და მენატრებით,


დროებით.

ალანი