• Nino Bendianishvili & Giorgi Zanguri

წერილები საზღვრებს მიღმა III

პირველ რიგში, ბოდიშის მოხდა მინდა, დიდი ხანია შენთვის წერილი არ მომიწერია. ყველაფერი წავიკითხე და ძალიან დავინტერესდი მაქაური საახალწლო ტრადიციებით, ჩვენთან ყველაფერი ისევ ძველებურად ხდებოდა, დედას გამომცხვარი ხაბიზგინა, ჭახრაგინა და სუფრის თავში მეფურად წამოწოლილი, შებრაწული გოჭი. ერთადერთი რაც გვაკლია ყოველ წელს, შენ და მამა ხართ, თითქოს სიცარიელეა სახლში თქვენს გარეშე და ამას ვერანაირი დღესასწაული ვერ ავსებს.

მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა და ახლაც ფუსფუსია სახლში. დედა გულმოდგინედ ემზადებოდა, ერთი კვირით ადრეც კი დაიჭირა თადარიგი და ყველაფრის დაგეგმვა დაიწყო. დღეს კი მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის - 18 წლის ვხდები. ჩვენი მეგობრებისა და ნათესავების მოლოდინში კი ძალიან მომინდა შენთვის მომეთხრო რა ხდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ბევრი რამ გამოვცადე და გამოცდილებაც მივიღე.

სკოლის დამთავრება იმაზე გულისამაჩუყებელი იყო, ვიდრე წარმოვიდგენდი. ის წლები უკვე მენატრება და ალბათ ყოველთვის ტკბილად გამახსენდება. ბოლო პერიოდი განსაკუთრებით კარგი იყო, მაგრამ ძალიან გვაკლდი. ბავშვებმა მოგიკითხეს სხვათაშორის, შენი ამბები აინტერესებდათ და შეძლებისდაგვარად მოვუყევი. ვითომ კი ათვალწუნებული ყავდი ყველას, მაგრამ ეტყობოდათ, მოენტარათ შენი ხუმრობები და ერთად გართობა ძალიან.


რაც არ უნდა იყოს, ახალი ნაბიჯი იწყება ჩემს ცხოვრებაში და მომავალი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ვნერვიულობ, პასუხისმგებლობები მემატება, უმაღლეს სასწავლებელში მინდა წასვლა, მაგრამ დედას არ მოსწონს, არ უნდა რომ მარტო დავტოვო. საზღვარგარეთ მინდა, მეგაპოლისში ცხოვრება და მრავალფეროვნება, რაც შეიძლება მეტის გამოცდა და ნახვა. აქ სწავლა შენც ხომ იცი, თითქმის შეუძლებელია. ორად ვარ გაყოფილი, ერთ ნაწილს სახლის ტკბილი სურნელის დავიწყება და ფესვებს მოწყვეტა არ უნდა, მეორე ნაწილს კი მჩქეფარე ცხოვრება სწადია.

უი, კიდევ ერთი ფაქტორია...


ბიჭი შემიყვარდა, რუსია. ვიცი, რუსები არ მოგწონს, მაგრამ მართლა კარგი ადამიანია ძალიან. სკოლის დამთავრების დღეს გავიცანი შემთხვევით, მთელი საღამო ვისაუბრეთ და იმდენი მომიყვა ქალაქის ცხოვრებაზე, მის მეგობრებსა და ოჯახზე, ნამდვილად კარგი ხალხი ჩანს. დედას ჯერ

ვერ ვეუბნები, მაგრამ მინდოდა შენ მაინც გცოდნოდა. მას შემდეგ ყველაფერი ზღაპარივითაა, მაგრამ მალევე აპირებს აქედან წასვლას, ასე მითხრა ჩემთან წამოდიო, მაგრამ ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცევი. იმედია შენ მაინც მომცემ რჩევას, დაბნეული ვარ ძალიან.

ქართული სიტყვები თავიდან მივარდება ხანდახან და ძალიან მწყინს, არ მინდა დავიწყება. ზოგჯერ სარკესთან ვდგები და საკუთარ თავს ველაპარაკები ქართულად, ყველაფერი რომ ზედმიწევნით გავიხსენო, მაგრამ რთულია. გარშემო იმდენი რუსია, ქართულად კი აღარავინ მელაპარაკება. რაც არ უნდა იყოს, წერა მაინც ისევ ისე მიყვარს, დღიურის წარმოება დავიწყე და რთულ სიტუაციებში ძალიან მეხმარება ხოლმე. ჟურნალისტობაც ამიტომ გადავწყვიტე და იმედია გამომივა რამე.

შენც მალე გიწევს ამ რთული გადაწყვეტილების მიღება და წარმატებები მინდა გისურვო, საპასუხო წერილსაც თუ მალე მივიღებ ძალიან გამიხარდება. უზომოდ მაინტერესებს რა ხდება შენს ცხოვრებაში და მენატრები ძალიან.

შეხვედრამდე, სორეია


 

*** გამარჯობა, სორეია.

ძალიან გამახარა შენმა წერილმა, გილოცავ დაბადების დღეს და, იმედია, მოგეწონება საჩუქარი, მართლაც რომ გადასარევი ადამიანია დიმიტრი, რომ ვთხოვე საჩუქარი წაუღე-მეთქი, ნეგატიური ემოციის ნაცვლად, პირიქით, გაუხარდა. ჩვენთან ყველა კარგად ვართ, მანდ მომიკითხე ხალხი.

რაც შეეხება შენს სასიყვარულო ისტორიას, ერთი პრობლემაა. მოგეხსენება, რომ მეც მინდა საზღვარგარეთ, მეგაპოლისში ცხოვრება, ამიტომ დავიწყე გერმანულის სწავლა. იქ მინდა ჩაბარება ინჟნერიაზე. გერმანულის კურსებზე გავიცანი ერთი გოგო, საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა, შესაბამისად არასდროს ჰქონია სახელმძღვანელოების პრობლემა (ძალიან ძვირი ღირს წიგნები), ამიტომ რამდენჯერმე ვთხოვე, წიგნი ეთხოვებინა. პროცესში დავახლოვდით და… აშკარად მოვწონვარ, მე კი არ მომწონს და არ ვიცი როგორ ვაგრძნობინო… ამ მარტივ პრობლემასაც ვერ ვაგვარებ, შესაბამისად, გამოუცდელი ვარ, მაგრამ ერთი რაღაც ზუსტად ვიცი, ფრთხილად უნდა იყო. არ გეგონოს, რომ რუსები არ მიყვარს, კონკრეტულად პუტინის რეჟიმის წინააღმდეგი ვარ. იმის თქმა მინდა, რომ ახლა ემოციების ქარცეცხლში ხარ, არ იცი რეალურად გიყვარს თუ არა ეგ ბიჭი. სტერეოტიპების ამბავი კი იცი, ოჯახმა, სანათსაომ და სამეზობლომ რომ გაიგონ, რომ მაგასთან ცხოვრობ და ფორმალურად არ ხართ ერთად, იცი რაც მოხდება… ძალიან რთულია და, ჩემი აზრით, უსამართლოც კი, მაგრამ ვიღაც უცხოს გამო ნუ გაიფუჭებ ავტორიტეტს, გთხოვ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე. ესაა ჩემი რჩევა.


ხო, მართვის მოწმობა ავიღე, როგორც იქნა ავისრულე ჩემი ოცნება და საჭესთან ჯდომა შემიძლია. აღების პროცესი რთული არ იყო, მაგრამ ქალაქში მოძრაობა კოშმარია.

მართალი ყოფილა ბებო რომ ამბობდა ქართველებმა სატრანსპორტო წესების დაცვა არ იციანო… მაგრამ ეგ არაფერი, მივეჩვევი. ერთი საინტერესო ამბავიც გადამხდა თავს: იმ დღეს საჭესთნ ვიჯექი, აუჩქარებლად მივდიოდი. შუქნიშანთან გაჩრება დავაპირე, როცა უკნიდან სერიოზული ბიძგი ვიგრძენი, თითქოს ზურგში კვალდა ჩამარტყეს, მეგონა თავი მომძვრებოდა. ვერც გავიაზრე, რა მოხდა სანამ არ გადმოვედი, კი სწორად მიხვდი, მანქანა დამეჯახა. ჯიპი იყო. თავიდან შემეშინდა, არ ვიცოდი რა მექნა და ის კაციც გაბრაზებული იყო და იგინებოდა. ვახო ერქვა, ასე 40-45 წლისა იქნებოდა. დავილაპარაკეთ და 500 ლარის მოცემას აპირებდა, უკანა მხარის გაკეთებას მეტი არ უნდაო, ასე მითხრა. შემდეგ სახელი მკითხა და აი აქ მოხდა სასწაული, როცა გაიგო, რომ ოსი ვიყავი, მთელი მისი ნეგატივი უეცრად გაქრა, გამიღიმა, მამაშვილურად დამელაპარკა, მომიყვა, რომ მისი ცოლიც ოსია და კარგად იცის, რამდენად რთული პერიოდი გამოვიარე ცხინვალიდან ჩამოსვლის შემდეგ. დამაკვალიანა, ამიხსნა სად და ვისთან უნდა მიმეყვანა მანქანა და 50 ლარიც დამატებით მომცა, ბენზინის ხარჯად გქონდესო. ასეთი ხალხის გამო მიყვარს საქართველო, მაგრამ ბოროტიც ბევრი ცხოვრობს…

მახსოვს შენც გინდოდა სწავლა, რას შვრები მაგ განხრით, ხელი აიღე თუ კიდევ გაქვს სურვილი? ბარემ ისიც მომწერე მანდეთ როგორ იღებენ მართვის მოწმობას, მაინტერესებს.

სხვა ისეთი საინტერესო არაფერი ხდება აქეთ, მოთმინებით ველოდები შენს პასუხს. მიყვარხარ და მენატრები.

დროებით,

ალანი