• Nino Bendianishvili & Giorgi Zanguri

წერილები საზღვრებს მიღმა IV

ალან, გამარჯობა.

ყველაფერი წავიკითხე და ოსი რომ შეგხვდა მანდ ასე თბილად, ისიც ძალიან გამიხარდა. ნეტავ მეც მალე შევძლო შენი ნახვა და თბილად ჩაგიკრა გულში. ისიც აღარ ვიცი, როგორ გამოიყურები. ალბათ მეც გაინტერესებ, ამიტომ გიგზავნი ფოტოსაც.

საჩუქარი ძალიან მომეწონა, არ მეგონა თუ გახსოვდა დიდი ხანია ფოტოაპარატი რომ მინდა.

დიმიტრი რომ მესტუმრა, მანაც მომიყვა თავისი თავგადასავალი. თურმე კინაღამ შარში გახვეულა ჩვენი წერილებისა და საჩუქრის გამო. შემთხვევით უპოვნიათ და უცბად მოუგონებია სიტუაციიდან გამოძრომის გზა, თორემ სამსახურიდან გაანთავისუფლებდნენ. ცოტა შეშინებული კი იყო, მაგრამ მითხრა მაინც დაგეხმარებით სადამდეც შევძლებ ამასო.

სწავლის გაგრძელების და საზღვარგარეთ წასვლის საკითხი დროებით გადავდე. არ მინდა ინერვიულო, მაგრამ დედაა ავად და სანამ გამოჯანმრთელდება აქ ვჭირდები. ისე ცხინვალი არც ისე ცუდია, სულ რამდენიმე კვირის წინ გახსნეს ახალი კაფე თანამედროვე შენობით და მართლაც რომ უგემრიელესი საჭმელით, სახელად “ვინჩენცო” ქვია, გახსნის ცერემონიალითაც ძალიან ვისიამოვნე და მე და ჩვენი მეგობრები ხშირად ვსტუმრობთ იქაურობას, როცა დროის ერთად გატარება გვინდა. სტაჟირებაც დავიწყე ადგილობრივ ტელევიზიაში და ყველამ კარგად მიმიღო, დაწინაურებასაც ველი მალე და, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შეიძლება სამსახურშიც ამიყვანონ. მართალია ბევრად დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ არც ასე ვგრძნობ ცუდად თავს და რაც მთავარია მშვიდად ვარ ავად ყოფნის პერიოდში დედას გვერდით რომ ვარ.

სხვათაშორის, მართვის მოწმობა მეც ავიღე. ამას ისიც დაემთხვა რომ ივას მეგობრები ჩამოვიდნენ რუსეთიდან (რუს ბიჭზე რომ გიყვებოდი მისი). ალანის საოჯახო სასტუმროში გაჩერდნენ, ჯავის რაიონში რომაა, გემახსოვრება ალბათ, ბავშვობაში რამდენჯერმე ვართ იქ ნამყოფები. მანქანით ჩავაკითხე, სასტუმროს ცხენები გამოვიყენე და ჭენებაც ვასწავლე, ძალიან სასაცილო შესახედავები იყვნენ ქალაქელი რუსები, ცხენზე ამხედრებულნი, შეშინებული და დაბნეული სახით რომ მიყურებდნენ, რომ შემდეგი მოქმედება მეკარნახა. კარგად გავერთეთ, შემდეგ წუნარის ტბაზეც მოვაწყეთ პატარა პიკნიკი, ულამაზესი ხედი გადაგვეშალა თვალწინ, ცხინვალის ხელოვნური ტბის ფონზე იქაურობა ნამდვილი ზღაპარი იყო. ზაფხულში ჩამავალი მზე განსაკუთრებით ლამაზ ელფერს აძლევს ხოლმე ცას და სანახაობით დამტკბარი ახალგაზრდობა ყოველწამს მადლობებს მიხდიდა ამ ყველაფრის ჩვენებისთვის. ბოლოს მონასტერიც დავათვალიერეთ, ქართველები მგონი თირის მონასტერს ეძახიან, ძალიან მოეწონათ ყველაფერი.

არ დაგიმალავ და ამ ადგილების ნახვისას მეც ნოსტალგიამ მძლია. წლების შემდეგ პირველად ვესტუმრე იქაურობას და ბავშვობის მოგონებები თვალწინ გამიცოცხლდა. რამდენი ზაფხული გვაქვს ერთად გატარებული მათ დათვალიერებაში და როგორ დაწვრილებით გვიყვებოდა ბაბუ ათასგვარ ისტორიებს იმ ადგილების შესახებ. სევდაც შემომაწვა იმაზე ფიქრში, ისევ თუ შევძლებთ ერთად ასეთი დროის გატარებას, არვიცი… შენი ნაჩუქარი ფოტოაპარატით უამრავი ფოტო გადავიღე და მათაც გამოგიგზავნი. იქნებ ასე მაინც შევძლო იმ მოგონებების ნაწილობრივ გაზიარება, რომლებიც ერთად უნდა შეგვექმნა, მაგრამ ვერ შევძელით.

ხშირად ვფიქრობ, რამე გამოსავალი თუა ამ ყველაფრიდან, რამენაირად თუ შემიძლია გნახო და ჯერ-ჯერობით არ ვიცი რისი გაკეთება შეიძლება, თან მეშინია, არ ვიცი ეს ყველაფერი რა შედეგამდე მიგვიყვანს. მაგრამ იცოდე, რომ ძალიან მენატრები და უსაფრთხოების ფარგლებში ყველაფერზე ვარ თანახმა. ახლა კი დროებით უნდა დაგემშვიდობო.

შეხვედრამდე, სიყვარულით სორეია



***

დღეს დილით მომიტანა დიმიტრიმ შენი წერილი და არ ვიცი უკვე მერამდენედ ვიწყებ ამგვარად წერილს, მაგრამ უზომოდ გამიხარდა და მთელი დღის პოზიტივით ავივსებოდი, რომ არა დედაჩვენის ამბავი… ვიცი, უკვე ასაკშია და მისი ცხოვრებაც იმდენად სტრესული იყო, რომ არ მგონია კარგად იყოს, მაგრამ, საუბედუროდ, ლოცვის გარდა არაფერი შემიძლია. გული დამწყდა, რომ სასწავლებლად ვეღარ მიდიხარ, მაგრამ არაუშავს, მეც შენს ბედს ვიზიარებ, არც ჩვენი საქმე მიდის კარგად ფინანსურად, მაგრამ, საბედნიეროდ, ძალიან კარგი სამსახური ვიშოვე და ახლა მოგიყვები, როგორ: კაფე გაიხსნაო, აღფრთოვანებულმა რომ მითხარი, მე არ გამკვირვებია, რადგან თბილისში ლამის ყოველკვირა ხდება მსგავსი რამ (ალბათ მზარდი ტურისტთა ნაკადის გამო). სწორედ ერთ-ერთი ახალი კაფის გახსნაზე გავიცანი ლუკა, ადამიანი, რომელსაც სულ რაღაც სამი თვეა ვიცნობ, მაგრამ ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარია. მას არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს დაარსებული და გაეროს, UNDP-ის მხარდაჭერით ატარებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს (ასეთი ორგანიზაციები აქეთ ძალიან აქტიურები არიან, მანდ კი, როგორც ვიცი, ფაქტობრივად არ არსებობენ), ძირითადად ადამიანების უფლებების დაცვის განხრით. სწორედ ამ პროექტების ჩატარებისას სჭირდება დახმარება სცენების აწყობაში, აპარატურის დალაგებაში, განათების გაკეთბაში და ეს ყველაფერი მე მაბარია.

მინდა ვთქვა, რომ სოლიდური ხელფასიც მაქვს, დანაზოგის დაგროვებაც კი შევძელი და ამ ზაფხულს ლუკასთან და ჩვენს თანამშრომლებთან ერთად საქართველო მოვიარეთ. ვნახეთ ბატეთის ტბა, ოკაცეს კანიონი, გერგეთი, სვანეთი, გომის მთა, ზღვაზეც ვიყავით, ალავერდიც მოვიარეთ. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ხალხთან ერთად ერთი თვე ვმოგზაურობდი და, როგორც უკვე გითხარი, ისინი ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მუშაობენ და მათთან საუბარმა ბევრ რაღაცაზე შემიცვალა წარმოდგენა. აი, მაგალითად რომ გითხრა, ლგბტ თემაზე კარგად იცი რა დამოკიდებულება მქონდა, არაფრით განსხვავებული მანდ და აქაც გავრცელებული სტერეოტიპისგან, მათთან საუბარმა კი დამაფიქრა, რომ ასეთი ხალხი რეალურად ისეთივეები არიან, როგორც მე და შენ და არაფერია მათში უცნაური და გასაკიცხი. აქ აღარ ჩავუღრმავდები ამ თემატიკას და პირადად რომ გნახავ იქ დაგელაპარაკები. ახლა რაც შეეხება პირადად ნახვას, ინფორმაცია გავიგე, რომ საზღვარზე არის მონაკვეთები, სადაც მავთულხლართი არ არის და ფაქტობრივად საზღვარი არ არსებობს. ნაბიჯს გადადგამ ოსეთში ხარ, გადმოდგამ და ისევ საქართველოა. ერთ-ერთი მასეთი ადგილი სოფელ ნიქოზთანაა, თუ მოახერხებ, თებერვლის მიწურულს მოვალ, იმედია, იქ დამხვდები ან მანამდე მოახერხებ ჩემთვის კიდევ ერთხელ ხმის მოწვდენას, რასაც მეტყვი წამოგიღებ აუცილებლად, მომენატრე და მოუთმენლად ველი შენთან შეხვედრას, მამაც ხშირად გკითხულობს და ჩემგანაც დიდი სიყვარულით მოიკითხე დედაც და ბებიაც.

სიყვარულით, ალანი