• Nino Bendianishvili & Giorgi Zanguri

წერილები საზღვრებს მიღმა V

ალან, გამარჯობა და ბოდიში, რომ პასუხი ასე დაგიგვიანე, უკვე 6 თვეა გასული ჩვენი ბოლო საუბრიდან და აღარც კი ვიცი რით დავიწყო. ალბათ ყველაფერი თებერვლის შეხვედრაზე ვერ მოსვლის გამო მობოდიშებით უნდა დავიწყო. დღეებს ვითვლიდი მანდ ჩამოსვლამდე მანამ, სანამ დედას მდგომარეობა წინა ღამით არ გაურთულდა, ყველა საგონებელში იყო ჩავარდნილი. დღეები გადიოდა და მდგომარეობაც არ უმჯობესდებოდა. არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ უნდა გითხრა, ან როგორ უნდა მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ…

დედა აღარ არის.

ვიცი გაგიჭირდება, მამას უნდა უამბო და ერთად გადაიტანოთ ამხელა გულის ტკივილი. გული მწყდება გასვენებაში მოსვლის გამოც კი რომ ვერ მოგაწვდინე ხმა, იქნებ მოგვეხერხებინა რამე… დიმიტრი უეცრად აორთქლდა, არ ვიცი, სამსახურიდან გაუშვეს თუ რამე დაემართა, მაგრამ ყველგან ვეძებე. არსად ჩანდა, არც დიმიტრი, და არც სხვა ადამიანი, რომელიც წერილს ადრესატს მიუტანდა, შემდეგ გამოჩნდა ერთი გოგონა, რომელიც გამოპარვას აპირებდა საქართველოში, თუმცა არა უკან დაბრუნებას. მას ვთხოვე ეს სამსახური გაეწია ჩემთვის და აცრემლებული თვალებით დამთანხმდა, წაყოლაც შემომთავაზა, მაგრამ არ შემეძლო.

ამას რაც შეეხება, არ მინდა რომ ჩემზე ნაწყენი დარჩე, მაგრამ დედას გარდაცვალებისგან გამოწვეული შფოთვა რომ ჩაწყნარდა, ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი დეტალი გამოიკვეთა. ალბათ, ივას მივყვები პეტერბურგში საცხოვრებლად. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის ცხოვრების ბოლო რამდენიმე წელი როგორც კარიერულად, ისე ემოციურად. ადამიანი კი, რომელიც ჩემზე ყურებამდეა შეყვარებული, ამ ულამაზეს ქალაქში ცხოვრებას მთავაზობს. მინდა, რომ გავშორდე აქაურობას და სრულიად ახალი ცხოვრება დავიწყო. მეტი შეაძლებლობითა და სიამოვნებით.

არ მინდა იფიქრო, რომ დაგივიწყე ან დაგივიწყებ.

ეს ალბათ ბოლო წერილია, რომელსაც გწერ. არც იმაში ვარ დარწმუნებული რომ შენამდე მოაღწევს, მაგრამ თუ ასე იქნება ერთ რამეს გთხოვ. ყოველ წელს, თებერვლის 28-ში ჩამოვალ და ნიქოზის სახნავ მიწებთან დაგელოდები. როცა კი შეძლებ მოდი დანიშნულ დროს იქ შევხვდებით, მოვისიყვარულებთ, ძველებურად გავუზიარებთ ერთმანეთს დიდი დროის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებებსა და თავგადასავლებს, ერთად გავიხსენებთ იმ ტკბილ ბავშვობას, რომელიც ცხინვალში გვქონდა ომამდე და იმედს დავიტოვებთ, რომ მოგვარდება კონფლიქტი ამ ორ მხარეს შორის მანამ, სანამ გვიანი არ


იქნება, ისევე როგორც დედას და მამას შერიგების სურვილი აღმოჩნდა დაგვიანებული. იმედია არ ვიგრძნობთ იმხელა სინანულს, რამხელასაც მამა იგრძნობს როცა ყველაფერს გაიგებს. იმედია ყოველთვის იქნები ჩემს გვერდით. საერთოდაც რომ ვეღარ ვიხილოთ ერთმანეთი, შენი წერილები დამრჩება იმ ურთიერთობის სამახსოვროდ, რომელიც ერთ დროს გვქონდა და რომელიც მონატრების მიუხედავად, აღარ არსებობს. ახლა კი ალბათ ჯობია დაგემშვიდობო და ყველაფერი საუკეთესო გისურვო, მიყვარხარ და იმედია თებერვალში გნახავ.

შეხვედრამდე, შენი სორეია










ნინი ბენდიანიშვილი, გიორგი ზანგური

2021