• სალომე მინდიაშვილი

ხაბიძგინა, ოსეთში დარჩენილი საწნახელი და ქართულ-ოსური მეგობრობისგასაოცარი ისტორია, რომელიც დღესაც

სალომეს კულინარიული ბლოგი

გლობალური პანდემიის გამო ჩვენც იზოლაციაში ვართ, დანარჩენ სამყაროსთან ერთად. შესაბამისად, ფიქრისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მრჩება... ოჯახში ბევრნი ვართ... დედას ტრადიციულად სამზარეულოში უწევს დროის დიდი ნაწილის გატარება... ახლაც შთამბეჭდავი სურნელითაა იქაურობა გაბრუებული... დღეს იგი ოსურ ხაჭაპურს - ანუ ხაბიძგინას აცხობს, რომლის გემოც გამორჩეულად მძაფრ მოგონებებს აღძრავს ჩემში.


ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, სოფელ ქემერტში ვცხოვრობდით... ბევრ ტრადიციასთან ერთად, ერთი გამორჩეულად მიყვარდა. მამა და მისი მეგობარი ყოველ წელს ერთად წურავდნენ ღვინოს... კაცები მარანში საქმიანობდნენ, ბავშვები ეზოში ვთამაშობდით, დედა კი ამ დღისთვის აუცილებლად აცხობდა გამორჩეულად გემრიელ ხაბიძგინებს. სამზარეულოში შევდივარ, დედას აფუებული ცომისგან უკვე გუნდები ამოჰყავს, მე კი ბავშვობის ის ფრაგმენტი მოსვენებას არ მაძლევს და წლების შემდეგ, ამ გადმოსახედიდან, სხვა თვალით ვუყურებ. გასაოცარი მეგობრობა ჰქონდათ და შეეძლოთ ქართველებსა და ოსებს. მამაჩემი და მისი მეგობარი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის იყვნენ - ერთი ქართველი, მეორე კი ოსი, განსხვავებული ისტორიის წიგნებით სწავლობდნენ და სხვადასხვანაირად სწამდათ ღმერთის არსებობა... ერთი შეხედვით განსხვავება უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე საერთო.


ლოვა ცხინვალში ცხოვრობდა, ვაჟა (მამაჩემი) კი რამოდენიმე სოფლის გვერდით - ქემერტში.


გამორჩეულად მახსოვს რთველის პერიოდი და ოჯახის ტრადიცია - ლოვას გარეშე ყურძენს არ ვკრეფდით და არც ღვინოს ვწურავდით. კონფლიქტის პერიოდში, როდესაც ცხინვალიდან სოფლებში გადასვლა ჩვეულებრივად შეიძლებოდა, ჩვენი ქართულ-ოსური ტრადიციაც არ დარღვეულა.


გამოვიდოდა ლოვა და მისი ოჯახი ქემერტში, ჩვენს ოჯახში დაიწყებოდა რთველი, სიმღერ-სიმღერით, ცეკვა-ცეკვით, ბევრი სიცილითა და მხიარულებით დაკრეფდნენ ყურძენს, დაწურავდნენ საწნახელში, ერთად გამოაცხობდნენ ოსურ ხაჭაპურებს და შებინდებისას ეზოში ხეივნის ქვეშ შემოსხდებოდნენ. ასე გრძელდებოდა წლები, ჩემი ცნობიერი ბავშვობის მანძილზე. დროის გასვლასთან ერთად, სიტუაციაც ნელ-ნელა შეიცვალა. ცოტა მეც გავიზარდე და მივხვდი რომ ჩვენს სახლში ღვინის დაწურვა არაჩვეულებრივი პროცესი აღარ იყო. ლოვამ და მამამ გაზარდეს ტელეფონზე საუბრის დრო, რადგან ერთმანეთს ვეღარ ხვდებოდნენ - ცხინვალი ჩაიკეტა, ქართველებს და ოსებს ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება აღარ ჰქონდათ. 2008 წელი მოვიდა, 8 აგვისტო და ... ჩვენი ოჯახი იძულებული გახდა ქემერტიდან გამოქცეულიყო, ცარიელი ხელებით და უკან დაბრუნების იმედით. თბილისში მოგვიწია დროებით გაჩერება. ტელევიზიით ვიგებდით, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაკარგულ ტერიტორიებზე მაროდიორები დადიოდნენ. ქურდავდნენ ყველა სახლს და წვავდნენ ყველაფერს. ვდარდობდით, ყველა იმ ნივთზე რაც იქ დავტოვეთ, ანუ ვდარდობდით ყველაფერზე. ომიდან, ალბათ რამოდენიმე თვე იქნებოდა გასული, როდესაც მამას მობილურზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა. უპასუხა და ლოვა იყო. ემოციებზეც მინდა ვთქვა რამე, მაგრამ ძნელად თუ ვიპოვი სიტყვას. მეშინოდა შენთან დარეკვის, იქნებ ცოცხალიც არ იყავიო...


ბევრი ილაპარაკეს… ოსურად და ქართულად ერთდროულად ლაპარაკობდნენ. სანამ ერთმანეთს დაემშვიდობებოდნენ ლოვამ მამაჩემს უთხრა: - შენთან ქემერტში ავედი, ყველაფერი გაძარცვული და დამწვარი დამხვდა, მხოლოდ საწნახელი იყო ეზოში დარჩენილი, ის საწნახელი, სადაც ღვინოს ვწურავდით, ცხინვალში წამოვიღე, აქ მაქვს ჩემს ეზოში, და როდესაც დაბრუნდებით, იცოდე რომ ტრადიცია გასაგრძელებლად გველოდებაო.


ეს არის ქართულ-ოსური მეგობრობის ამბავი, რომელიც ყველა სხვა ამბავზე მეტად მიყვარს. ისეთი წარსული გვაქვს, რომელშიც ქართველები და ოსები მშვიდობიანად ვახერხებდით თანაცხოვრებას. ალბათ, ძალიან ბევრი გვსმენია ქართულ-ოსური ოჯახების არსებობაზე, არა მარტო გვსმენია, თავად გვყავს ოსი ოჯახის წევრი, მეგობარი, მეზობელი ან ნათესავი. შემდეგ რაღაც მოხდა და ყველაფერი შეიცვალა, შევიცვალეთ ქართველებიც და ოსებიც. თითქოს, ქართულ-ოსური წარსული ისე გავყინეთ, რომ აწმყოს ფუნქციონირების საშუალებას აღარ ვაძლევთ. აღარ ვემეგობრებით, აღარ გვაქვს კომუნიკაცია, აღარ ვიხსენებთ საერთო ამბებს, აღარ ვუკავშირებთ ერთმანეთს მომავალს. ურთიერთდამოკიდებულებები კი დღითიდღე უფრო და უფრო ნეგატიური ხდება. ძლიერდება სეპარაციის სურვილი. ხშირად ვიხსენებ ამბებს ქართულ- ოსურ მეგობრობაზე. ნამდვილი, ადამიანური ამბებია ის, რაც გულწრფელ ემოციებსა და მიძინებულ სიყვარულს გააღვიძებს.


სანამ ფიქრებს შევყევი, დედა უკვე კარაქს უსვამდა ღუმელიდან ახლადგამოღებულ ცხელ-ცხელ ხაბიძგინას. აქვე რეცეპტს გაგიზიარებთ, ცოტათი იმერულ ხაჭაპურს ჰგავს, მაგრამ მას ჩემთვის განსაკუთრებული და გამორჩეული გემო აქვს.


საჭირო მასალა:

ცომი

• თბილი წყალი ან რძე - 2 ჭიქა

• მშრალი საფუარი - 1 ს/კ

• მარილი - 0,5 ჩ/კ

• შაქარი - 0,5 ჩ/კ

• ფქვილი - 800 გ

• ზეთი - 3 ს/კ


გულსართი:

• მოხარშული კარტოფილი - 500 გ

• ცხიმიანი ყველი - 500 გ

• კარაქი


მომზადების წესი

წყალში ან რძეში გავხსნათ შაქარი, მარილი, საფუარი და 2 ჭიქა ფქვილი, დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი.


ცომი ვზილოთ ზეთიანი ხელებით, შემდეგ ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ გასაფუებლად. ამასობაში კარტოფილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავჭყლიტოთ, შევურიოთ ყველი და 5 გუნდად გავყოთ.





თუ ყველი უმარილო იქნება, გულსართს დავუმატოთ მარილიც. ცომი რომ აფუვდება, გავყოთ 5 გუნდად, თითოეულში ჩავდოთ გულსართი, გავაბრტყელოთ, გულში თითის დადებაზე პატარა ჩაღრმავება გავუკეთოთ, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ. მზა ხაბიძგინას წავუსვათ კარაქი.



2 views